დანი ალვესს ადრიანა ლიმაც გამოექომაგა
საფეხბურთო სამყაროში აგორებულ ანტირასისტულ კამპანიას შეუერთდა ცნობილი ბრაზილიელი სუპერმოდელი ადრიანა ლიმაც.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის 35-ე ტურში „ვილიარეალსა“ და „ბარსელონას“ შორის გამართული მატჩის (2:3) მიმდინარეობისას დანი ალვესს ტრიბუნიდან ბანანი ესროლეს. ალვესმა სიტუაცია იუმორისტულად შეაფასა და მოედანზე გადმოგდებული ბანანი მიირთვა. „ვილიარეალის“ უსაფრთხოების სამსახურის წევრებმა ხულიგანი ამოიცნეს და მას მთელი ცხოვრების მანძილზე „ელ მადრიგალზე“ შესვლა აუკრძალეს.
დანი ალვესს ცნობილმა ფეხბურთელებმა მხარი დაუჭირეს და ააგორეს ანტრასისტული აქცია სახელწოდებით „ჩვენ ყველანი მაიმუნები ვართ“.
კამპანიას ადრიანა ლიმაც შეუერთდა. მოდელმა სოციალურ ქსელში დაწერა:
„დღეს ბანანით შთაგონების დღე არის. მოკითხვას ვუძღვნი ჩემს ძვირფას ბრაზილიელ ძმებს – დანი ალვესსა და ნეიმარს“.