დანიელი მწვრთნელი პრესკონფერენციაზე შიშველი გამოცხადდა (ფოტო)
ბელგიური “ანტვერპენის” მთავარი მწვრთნელი ბრიან პრისკე ნიქოზიის “ომონიასთან” გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე ნახევრადშიშველი გამოცხადდა.
44 წლის დანიელ სპეციალისტს დადებული ჰქონდა პირობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისი გუნდი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდოდა, ის საპრესკონფერენციო დარბაზში შიშველი შევიდოდა.
“ანტვერპენმა” “ომონიასთან” ფლეი-ოფის პირველი მატჩი 4:2 წააგო, 26 აგვისტოს კი შინ 2:0 მოიგო. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც სწორედ პრისკეს გუნდმა მოახერხა გამარჯვება.
“ბოდიში. ამ მატჩის წინ ფეხბურთელებთან პირობა დავდე. მათ ვუთხარი, რომ თუ მოვიგებდით, კარს მშრალად შევინახავდით და ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდებოდით, პრესკონფერენციაზე შიშველი გამოვცხადდებოდი. ჩვენ ეს შევძელით, ეს ფეხბურთია, ცხოვრებაა”, – განაცხადა ბრიან პრისკემ ჟურნალისტებთან.