დარჩება თუ არა რონალდუ “იუვეში”?
ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს მომავალი ბურუსით არის მოცული. ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა პორტუგალიელი ფეხბურთელი იტალიურ კლუბში.
“სქაი სპორტსის” ცნობით, ზაფხულში რონალდუ “იუვენტუსის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას გამართავს. 36 წლის პორტუგალიელის გადაწყვეტილება დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, შეინარჩუნებენ თუ არა თავიანთ პოსტებს გუნდის მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო და სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი. თუ ისინი “იუვენტუსს” დატოვებენ, გუნდიდან რონალდუს აბარგების შანსი გაიზრდება.
ცნობისათვის, მხარეებს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულამდე აქვს.
2020-2021 წლების სეზონში კრიშტიანუ რონალდუმ 44 მატჩი ჩაატარა, 36 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ის 29 გატანილი ბურთით იტალიის სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.