დათა სიჭინავა: “მინდა, რომ “სიონს” ჩემი გოლებით დავეხმარო”
ფოთის “კოლხეთის” ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, დათა სიჭინავა, კარიერას ბოლნისის “სიონში” გააგრძელებს. Fanebi.com 25 წლის ფეხბურთელს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.
– რა გახდა ბოლნისის “სიონში” გადასვლის მთავარი მიზეზი?
– რა თქმა უნდა ეს მთავარი მწვრთნელის ფაქტორი იყო. ამავდროულად, მიუხედავად სატურნირო მდგომარეობისა გუნდს ამბიციური გეგმები აქვს, რაც მნიშვნელოვანია.
– პირველ ეტაპზე საკმაოდ შედეგიანი იყავი. როგორ შეფასებდი პირადად შენს და გუნდის თამაშს?
– თავდამსხმელი არ ვარ და ჩემი პოზიციის გათვალისწინებით შედეგი ნორმალურია. გუნდიც საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული. “კოლხეთი” ერთი ოჯახივით შეკრული კოლექტივია, რაც შედეგებზეც აისახებოდა.
– საერთო ჯამში მიმდინარე სეზონს როგორ შეფასებდი? გაამართლა 16-გუნდიანმა ჩემპიონატმა?
– ჩემი აზრით გაამართლა. ბევრი საინტერესო გუნდი გამოჩნდა და რაც მთავარია წინასწარ ვერავინ ვერ დაგეგმავს რომელიმე გუნდთან გამარჯვებას.
– მცირე ხანს საზღვარგარეთ ითამაშე. რა არის მთავარი სხვაობა ბელარუსისა და საქართველოს ჩემპიონატებს შორის?
– ძალიან რთული სათამაშო ჩემპიონატია. თავიდან გამიჭირდა, ვინაიდან იქ აქცენტი ძირითადად ფიზიკურ მომზადებაზე და ძალისხმიერ ფეხბურთზე კეთდება. ჩვენთან კი ტექნიკა ჭარბობს.
– განსხვავება ალბათ სათამაშო დონეშიც იქნება…
– რა თქმა უნდა, მოუმზადებელი თუ ხარ ძალიან ჭირს იქ თამაში. ადაპტაციისთვის ორი თვე დამჭირდა.
– რა იქნება შენთვის დადებითი შედეგი მიმდინარე სეზონში?
– დადებით შედეგად ევროტურნირებზე გასვლა ჩაითვლება, რაც ვფიქრობ, რომ სავსებით რეალურია. “სიონმა” პირველი წრე შარშანაც ჩააგდო, თუმცა საბოლოოდ ჩემპიონატი კარგი შედეგით დაასრულა. მინდა, რომ “სიონს” ჩემი გოლებით დავეხმარო.