დათუნაშვილი: “ფედერაციიდან მამაო გამომიგზავნეს”
ქართველმა მოჭიდავემ, ზურაბ დათუნაშვილმ დღეს პრესკონფერენცია გამართა და გეგა გეგეშიძესთან დაპირისპირებაზე ისაუბრა.
“მისი დაჭერა არავის სურვილი არ ყოფილა, უბრალოდ მოსამართლეს შეეძლო, რომ გეგეშიძისთვის თანამდებობა ჩამოერთვა. მე ვიცი, რომ გეგეშიძე თანამდებობას დატოვებს, ეს დროის ამბავია. ამ ფედერაციას და მათ, ვინც ფედერაციის სათავეში არიან, განსხვავებული აზრი არ მოსწონთ. ვინც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, ის მტრად მიაჩნიათ და შემდეგ ამ მტრის ყველანაირად დაჩაგვრა მიდის. მე საქმეების გარჩევას არ ვაპირებ, სამართლებლივად ბრძოლას ვაპირებ”, – ამბობს ევროპის ჩემპიონი.
ასევე, დათუნაშვილმა განაცხადა, რომ მას ფედერაციიდან არავინ დაკავშირებია და მამაო გამოუგზავნეს.
“ფედერაციიდან არავინ დამკავშირებია. მამაო გამომიგზავნეს და ის მეუბნებოდა: “ზურა, ყველანაირად პრივილეგირებული იქნები.” მე ვუთხარი, რომ ზუსტად ამ პრივილეგიაზე მაქვს ეს პრეტენზია და არ უნდა იყოს ფედერაციაში პრივილეგიები.
მამაო ფედერაციის სახელით მოვიდა – “მოდი, ზურა გავჩერდეთ, არ ამოვიღოთ ხმა. ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა. ყველა ტურნირზე შენ იქნები პრივილეგირებული, შენ წახვალ იქ, შენ წახვალ ევროპის ჩემპიონატზე.” მე ვუთხარი, რატომ უნდა იყოს ასე, უნდა იყოს სამართლიანად, რა შუაშია, მე რა მინდა. სწორედ ესაა შეცდომა”, – განაცხადა ზურა დათუნაშვილმა.