დაუჯერებელი ამბავი – მატყუარა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგამდე სულ ცოტა დააკლდა
ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, ამისათვის ისინი ბევრს ვარჯიშობენ. არსებობს პიროვნება, ვისაც ევროპის ყველაზე დიდ საკლუბო ტურნირში მონაწილეობამდე ცოტა დააკლდა. ამ ამბავში უცნაური ისაა, რომ გრეგორ აკლერო პროფესიონალი ფეხბურთელი არასოდეს ყოფილა.
მისი ყველაზე დიდი მიღწევა ისაა, რომ “პარი სენ-ჟერმენის” სამოყვარულო გუნდის მაისურით საფრანგეთის რანგით მე-5 დივიზიონში ითამაშა.
აკლერომ შექმნა ვებ-გვერდი, სადაც წერდა, რომ ის “პარი სენ-ჟერმენის” სარეზერვო გუნდის მოთამაშე იყო. ის სხვადასხვა გამოცემების სტატიებს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებდა, სტატიებში კი ნიკოლა ანელკას სახელს კი საკუთარით ანაცვლებდა. ასევე, ვებ-გვერდზე განთავსებული იყო მისი “პარკ დე პრენსზე” გადაღებული ფოტოები პსჟ-ს ფორმაში.
აკლერომ წერილით მიმართა “ჩელსის”, “მანჩესტერ სიტისა” და “არსენალს”, რათა ის სინჯებზე მიეწევიათ, თუმცა სამივე კლუბმა უარით გაისტუმრა.
“მატყუარა ფეხბურთელმა” სინჯებზე დაითანხმა ინგლისური “სვინდონ თაუნი”, “ნორვიჩ სიტი”, “ბორნმუთი”, შოტლანდიური “ფოლკერკი” და “დანდი იუნაიტედი”, თუმცა კონტრაქტი ვერცერთ მათგანთან ვერ დაიმსახურა. 2009 წელს, აკლერო ახლოს იყო ერთ-ერთ ლუქსემბურგულ კლუბში გადასვლასთან, მაგრამ საბოლოოდ, მას უარი უთხრეს.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე ბულგარულმა სოფიას ცსკა-მ მას 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მისი საქმე “პარი სენ-ჟერმენის” ფანებმა გააფუჭეს.
გრეგორ აკლერო: “ორდღიან სინჯებზე ვიმყოფებოდი, კვირას მწვრთნელმა ჩემს აგენტს უთხრა, რომ ჩემთან კონტრაქტის გაფორმება სურდათ. ცსკა-ს მაისურში გამოწყობილს ფოტოები გადამიღეს, კონტრაქტიც გავაფორმე, ამის შესახებ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც დაიწერა.
თუმცა, “პარი სენ-ჟერმენის” ერთმა ფანმა გამანადგურა. ცსკა-ს გულშემატკივარი პსჟ-ს ფორუმზე დარეგისტრირდა, სადაც დაწერა: “ჩვენ გრეგორ აკლეროს ვყიდულობთ, რას ფიქრობთ მასზე?”
პსჟ-ს ფანები არ მიცნობდნენ. მათ უპასუხეს, რომ მე მაყუარა ვიყავი, ჩემი ვებ-გვერდიც შეამოწმეს. იქ ზოგი რამ სიმართლეს შეესაბამებოდა, მაგალითად, ვიდეო ჩემი “სვინდონში” ყოფნის შესახებ (იხილეთ ვიდეო). ამის შემდეგ ცსკა-ს ფანი სოფიაში ყველა ჟურნალისტს დაუკავშირდა და მათ უთხრა, რომ კლუბი მატყუარა ფეხბურთელს უფორმებდა კონტრაქტს.”
მომდევნო დღეს, აკლეროს უთხრეს, რომ ბარგი უნდა ჩაელაგებინა და კლუბიდან წასულიყო.
აღსანიშნავია, რომ ის ახლა საფეხბურთო აგენტად მუშაობს და ახალგაზრდა ფეხბურთელებს კარიერის წარმართვაში ეხმარება.