დაუმარცხებელი ლიდერის წინააღმდეგ
ხვალ, საქართველოს ეროვნული ნაკრები “დინამო არენაზე” პოლონეთს უმასპინძლებს. სამი ტურის შემდეგ პოლონელები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ქვეჯგუფში ირლანდიელებთან ერთად ლიდერობენ და ჯერჯერობით დაუმარცხებლადაც ასპარეზობენ.
ჩვენმა მეტოქემ შესარჩევი ეტაპი გიბრალტართან გასვლითი მატჩით გახსნა, რომელშიც იოლი გამარჯვება მოიპოვა და მოკრძალებულ მეტოქეს 7 უპასუხო გოლი გაუტანა. მეორე ტურში პოლონეთს მეტოქე გაცილებით სერიოზული ჰყავდა, თუმცა საკმაოდ კარგად ჩატარებულ მატჩში ნავალკას შეგირდებმა გერმანიის ნაკრებს 2-0 სძლიეს. ზუსტად ერთი თვის წინ კი პოლონეთმა კიდევ ერთი საშინაო მატჩი, ამჯერად უკვე შოტლანდიის ნაკრებთან ჩაატარა. საკმაოდ დაძაბული შეხვედრა უხვგოლიანი ფრით, 2-2 დასრულდა.
მსგავსი შედეგებით საქართველოს ნაკრები მიმიდნარე გათამაშებაში ვერ გვანებივრებს, თუმცა სამი ტურის შემდეგ ჩვენსა და ლიდერს შორის სხვაობა მხოლოდ 4 ქულაა და გამარჯვების შემთხვევაში სხვაობაც საგრძნობლად შემცირდება და გარკვეული შანსები ჩვენც გაგვიჩნდება.
თუმცა, დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებთი დადებით შედეგზე ფიქრი რა თქმა უდნა ძალია ძნელია. საკადრო პრობლემებს თავი რომ დავანებოთ, ნაკრების თავკაცის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო შეხვედრის წინ საკმაოდ ცუდი ფონია შექმნილი. ამას ქეცბაიას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაც ემატება, რაც ფეხბურთელებს ბუნებრივია გარკვეულ წნეხს უქმნის. თუმცა, როგორც ყველა მატჩის წინ ქართველი გულშემატკივრების უმრავლესობა მაინც ოპტიმისტურად ელის მოახლოებულ, წლის და ქეცბაიას თავკაცობითაც ჩასატარებელ უკანასკნელ ოფიციალურ შეხვედრას.
საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებების ურთიერთშეხვედრების ისტორია, სადაც მცირე უპირატესობა პოლონელთა მხარესაა, სულ სამ ოფიციალურ მატჩს ითვლის. პირველად აღნიშნული გუნდები ერთმანეთს 1997 წელს პოლონეთში დაუპირისპირდნენ. კატოვიცეში გამართული შეხვედრა ქართველებისთვის კარგად დაიწყო და 26 წუთზე დავით ყიფიანის მიერ გაწვრთნილი გუნდი შოთა არველაძის გოლით დაწინაურდა. თუმცა, დარჩენილ დროში პოლონელებმა 4-ჯერ დალაშქრეს ზოიძის კარი და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვეს. რამდენიმე თვეში თბილისში საპასუხო მატჩი გაიმართა, სადაც ქართველებმა სრულფასოვანი რევანში აიღეს და პოლონეთს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. არჩილ არველაძის და კახა ცხადაძის შედეგიანი დარტყმების შემდეგ საბოლოო წერტილი თემურ ქეცბაიამ დასვა. ქართველთა და პოლონელთა უკანასკნელი დუელი 2011 წელს ლუბინის “დიალოგ არენაზე” გაიმართა და 36-ე წუთზე იაკუბ ბლაშიკოვსკის მიერ გატანილი გოლის წყალობით მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.
საქართველო – პოლონეთის ხვალ გასამართი დაპირისპირება “დინამო არენაზე” 21:00 საათიდან აიღებს სტარტს. შეხვედრას პაოლო ტალიავენტოს ხელმძღვანელობით იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ 2011 წელს საქართველოსა და ხორვატიის ეროვნულ გუნდთა შორის გამართულ შეხვედრას წორედ ეს არბიტრი სჯიდა.
მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5, 7, 10 და 15 ლარია, ხოლო შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს გულშემატკივარი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით იხილავს.