დაუშვი გულშემატკივარი ან აკრძალე ყველაფერი !
ეროვნული ლიგის მე-6 ტურში “თელავმა” საჩხერის “ჩიხურა” მიიღო კავკასიონის სტადიონზე და 2-0 გაიმარჯვა. მატჩის ერთ-ერთ მომენტში კარგად გამოჩნდა “თელავის” გულშემატკივრები, რომლებიც სტადიონის გარეთ ერთად იყვნენ შეკრებილნი და ფავორიტ გუნდს გულშემატკივრობდნენ.
რა თქმა უნდა, გულშემატკივარი ვერ შეძლებდა დისტანციის დაცვას ასეთ მცირე ტერიტორიაზე და პირბადე არავის ეკეთა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ღია ცის ქვეშ კულტურული ღონისძიებების ჩატარება დაშვებული გახდა და შესაბამისად, აღნიშნული რეგულაცია სპორტულ ღონისძიებებზეც უნდა გავრცელდეს, იქ სადაც, საუკეთესოდ შეიძლება დისტანციის დაცვა.
სტადიონს გარეთ გუნდს არ აქვს უფლება გულშემატკივარს მოთხოვნა წაუყენოს დისტანციის დაცვაზე და პირბადის გაკეთება მოსთხოვოს. თუ გულშემატკივარი სტადიონზე შევა, ის უკვე შიდა რეგულაციებს დაემორჩილება და საჭიროების შემთხვევაში, პირბადესაც გაიკეთებს.
თბილისის “დინამოს”ფან-კლუბი “ელიტა” გუნდს ყველა თამაშზე დაყვება და ერთ-ერთი სექტორიდან შემჭიდროვებულად უჭერს მხარს. იგივე შეიძლება ითქვას ქუთაისის “ტორპედოზეც”, ხოლო, ბათუმის “დინამოს” ფანები ანგისას ბაზას გარეთ არიან შეკრებილები, რა თქმა უნდა, დისტანციის დაცვა აქაც პრაქტიკულად შეუძლებელია.
მოცემულობა მარტივია: გულშემატკივრის გარკვეული ნაწილი მაინც ესწრება თამაშებს და ყურებას სტადიონის გარე ტერიტორიიდან ახერხებს, სადაც დისტანციის დაცვა არ ხერხდება და პირბადის გაკეთებას ვერავის მოსთხოვ.
ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი არგუმენტი ფანების დასწრების საწინააღმდეგოდ, შესაძლოა, დასწრების მსურველთა რაოდენობის გაზრდა იყოს, რის შემთხვევაშიც, ზოგიერთ სტადიონზე (მხოლოდ რამდენიმე) დისტანციის დაცვა გაჭირდება, მაგრამ, რა სჯობს, 100 კაცი, რომელიც დისტანციას არ იცავს და პირბადე არ უკეთია თუ პოტენციური 500-1000, რომელიც დისტანციას იცავს.
“დინამო არენაზე” 50 ათასი, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 12 000, თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე 5000, ანგისას ბაზაზე 2500-ზე მეტი, მიხეილ მესხზე კი 25 000-ზე მეტი ეტევა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსი მოსახლეობაში არ ცირკულირებს და ბოლო 1 თვის განმავლობაში კოვიდ 19-ით ძირითადად სატვირთოს მძღოლები და უცხოეთიდან კარანტინში გადაყვანილი მოქალაქეები არიან.
დღეს, რასაც ვუყურებთ, არის გულგრილობა და საჭიროა, ფედერაციამ ჯანდაცვის სამინისტროსთან და გუნდებთან ერთად შეიმუშავოს გეგმა, რათა ივლისის ბოლოდან გულშემატკივარს დასწრების საშუალება მიეცეს.