დავიდ ლუისი: „დასამტკიცებელი არაფერი მაქვს“
ლონდონის „ჩელსის“ მცველი დავიდ ლუისი პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ პრემიერლიგის მეხუთე ტურის მატჩი გამოტოვა. შეგახსენებთ, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, „ბაზელის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (1:2) დაშვებული შეცდომის გამო, „ფულემთან“ საპრემიერლიგო მატჩის (2:0) განაცხადში არ შეიყვანა.
„ეს ჩემპიონატის ერთი რიგითი მატჩი იყო. დასამტკიცებელი არაფერი მაქვს, რადგან ყველამ იცის, ვინც ვარ. ფეხბურთისგან სიამოვნებას ვიღებ და მიხარია, როდესაც მოედანზე ვარ. ყველა შანსის გამოყენებას ვცდილობ, რასაც ვიღებ. მწვრთნელი ხან შეგიყვანს განაცხადში, ხანაც – არა, ამაში არაფერია უცნაური. „ჩელსი“ დიდი კლუბია, რომელშიც ბევრი კარგი ფეხბურთელი ირიცხება. თუ მუდმივად შეუცვლელი შემადგენლობით ვითამაშებთ, ვერაფერსაც ვერ მივაღწევთ“, – ციტირებს დავიდ ლუისის სიტყვებს Voetbal Krant-ი.
ბექა დოგრაშვილი