დავით ჯიქია ”საბურთალოში” გაირჯება
საქართველოს 17 და 19 წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი დავით ჯიქიაამიერიდან ”საბურთალოს” მაისურით ეცდება გოლების გატანას – ამპლუით ფორვარდი დედაქალაქურ კლუბში წელიწადნახევრის განმავლობაში გაირჯება. ”პელემ”, როგორც მას საფეხბურთო სამყაროში ეძახიან, რამდენჯერმე უკვე ივარჯიშა ჩვენს გუნდში.
მცირე მოკითხვისა და ერთმანეთისთვის ახალი წლის მოლოცვების შემდეგ, დავით ჯიქიამ ჩვენს რამდენიმე კითხვას სიამოვნებით უპასუხა. საუბარი ახალ გუნდში შთაბეჭდილებებით დავიწყეთ:
– ვისარგებლებ შემთხვევით და პირველ რიგში ყველას მივულოცავ ახალ 2015 წელს. ბედნიერების, წარმატებების მომტანი წელი ყოფილიყოს. რაც შეეხება ჩემს პირველ შთაბეჭდილებებს ”საბურთალოში”, დადებითია. სხვანაირად ვერც წარმოვიდგენდი, რადგან მეგობრებისგან და ნაცნობებისგან გაგებული მქონდა, რომ ”საბურთალო” მეგობრული კლუბია, ერთი დიდი ოჯახივითაა.
ასეთი ნაბიჯი იმიტომ გადავდგი, რომ ”საბურთალო” საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მას დიდი მომავალი აქვს, ამავდროულად პერსპექტიული ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ამ კლუბის მთავარი მწვრთნელი – გიორგი ჭიაბრიშვილი საკმაოდ ამბიციური და კვალიფიციური სპეციალისტია, მომთხოვნი, თავის საქმის პროფესიონალი. მოხარული ვარ, რომ მეორე წრიდან ამ კლუბის მაისურს მოვირგებ და იმ იმედების გამართლებას ვეცდები, რომელიც ჩემს მიმართ აქვთ.
– ბიჭებს როგორ შეეწყვეთ?
– ფეხბურთელებთან კონტაქტი არ გამჭირვებია, რადგან რამდენიმე მათგანთან მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს. ჩვენ ერთად მოვდივართ 17 და 19 წლამდელთა ნაკრებებიდან. ერთხელ ამ გუნდში რომ ივარჯიშებ, მაშთავე მიხვდები, რომ ფეხბურთელები, მწვრთნელები თუ სხვა ადამიანები, ერთმანეთის მიმართ დიდ პატივისცემას გამოხატავენ.
– ”საბურთალოში” რამდენი ხნით დარჩებით?
– მოვილაპარაკეთ, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში ვითამაშებ, შემდეგ უკვე მხარეები გადავწყვიტავთ, დავრჩები თუ არა თბილისურ კლუბში. მადლობა ”საბურთალოს” ხელმძღვანელობას, რომ ჩვენს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა.
– ბოლოს თბილისის ”დინამოში” ირიცხებოდით, იმ კლუბში, სადაც ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელისთვის საოცნებო კლუბია…
– ნამდვილად მასეა… ”დინამოში” თამაში ყველას ოცნება და სურვილია, თუმცა მარტო სახელი ჩემთვის არაფრის მთქმელი არ არის. თუ თამაში არ მომიწია, არც ”დინამოში” მინდა და არც კიდევ უფრო დიდ კლუბში. მთავარია ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, პროგრესი განაგრძოს და წინსვლა შეიმჩნეოდეს. სკამზე ჯდომით კი არამგონია, როგორც ფეხბურთელი გაიზარდო.
ზემოთ, იმაზე ვისაუბრე, რაზეც ”საბურთალოზე” გავაკეთე არჩევანი. ასევე დამატებითი მოტივაციაა ის, რომ გუნდი წარმატებით ასპარეზობს პირველ ლიგაში, მთავარი კანდიდატია უმაღლესში გადასვლის. უძლიერესთა რიგებში მინდა ჩემი ძალა დავინახო თუ რას წარმოვადგენ და რა შემიძლია. თუმცა, უმაღლესამდე ჯერ გუნდს პირველ ლიგაში წარმატებული თამაშით უნდა დავეხმარო.
– რამდენიმე წლის წინ უცხოურ კლუბში მოწყობის საშუალება გქონდათ. გამოირიცხა გერმანული ვარიანტი?
– შეიძლება დაინტერესება იყო, მაგრამ საქმე სერიოზულად რომ ყოფილიყო, ალბათ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმებოდა. ახლა ევროპულ კლუბებზე არ ვფიქრობ, ჩემი მთავარი საზრუნავი ”საბურთალოა”. მინდა, რომ ამ გუნდთან ერთად ბევრ წარმატებებს მივაღწიო.
FCSaburtalo.GE