დავით პეტრიაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა
უეფას ეროვნულ ფედერაციებთან ურთიერთობის მენეჯერი დავით პეტრიაშვილი თბილისში გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისის შედეგად დაიღუპა.
ამ ტრაგიკულ ფაქტს სამძიმრის წერილით ეხმაურება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია:
“ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ დავით პეტრიაშვილის გარდაცვალების გამო. ამ მძიმე წუთებში, როდესაც ყველანი მომხდარი ტრაგედიის გამო ვგლოვობთ, გვსურს გავიხსენოთ მისი ღვაწლი ქართული საფეხბურთო სამყაროსა და ქვეყნის წინაშე.
დავით პეტრიაშვილი თანამედროვე ქართული ფეხბურთის გამორჩეული სახე, წარმატებისა და პროფესიონალიზმის სიმბოლო იყო. 21 დეკემბერს, თბილისში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც იგი 46 წლის ასაკში იმსხვერპლა, დაამწუხრა ქართული და სრულიად ევროპული საფეხბურთო სამყარო. უეფას წევრი ნაციონალური საფეხბურთო ასოციაციების წარმომადგენლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მისი ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
წლების წინ მისი საფეხბურთო კარიერა ფეხბურთის ფედერაციაში დაიწყო. შემდეგ იყო თბილისის „დინამო“, უეფას დელეგატის პოზიცია. ბოლო რამდენიმე წელი კი, დავით პეტრიაშვილი უეფას ნაციონალური ასოციაციების დემარტამენტში, ჰეთ-თრიკის პროგრამის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა.
იგი ყოველთვის იყო ქართული ფეხბურთის მხარდამჭერი, საქართველოს ელჩი უეფაში, რომელიც ძალღონეს არ იშურებდა ქართული ფეხბურთის წინსვლისა და განვითარებისათვის.
გვინდა სამძიმრის სიტყვები ვუთხრათ დავით პეტრიაშვილის ოჯახს, მის მეგობრებსა და ახლობლებს. ჩვენთვის, ისევე როგორც მათთვის, ეს უდიდესი განსაცდელია.
ამ ტრაგედიის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ წლის ბოლომდე დაგეგმილი ყველა ღონისძიება გაუქმებულია”.