დავით ქაცარავა: “ზაზა ნადირაძეს აზერბაიჯანის მოქალაქეობა და სოლიდური ხელფასი შეთავაზეს”
კანოეს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელ Facebook-ში ნიჩბოსან ზაზა ნადირაძის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ ნადირაძემ გუშინ ოლიმპიადის ფინალში იასპარეზა, სადაც მე-5 ადგილი დაიკავა, მედლამდე კი ცოტა დააკლდა.
“მსურს კიდევ ერთი ეპიზოდის შესახებ მოგიყვეთ, რომელიც ზაზას უშუალოდ ეხება და ჩავთვალე, რომ ეს ცალკე უნდა დამეწერა – 2013 წლის ბოლოს 2014 წლის დასაწყისში აზერბაიჯანის ნიჩბოსნობის ფედერაციამ დაიწყო ნადირობა ზაზაზე – შესთავაზა აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღება და მათი სახელით ოლიმპიადისთვის მომზადება, რაც ჩვენთვის ნიშნავდა ზაზას დაკარგვას.
ხელფასი შეთავაზებულ იქნა 3 000 ევრო + სოლიდური პრემიები. ზუსტად ის პერიოდია, როდესაც ზაზას უწევდა დღისით მშენებლობაზე მუშაობა და საღამოს ვარჯიშზე გამოსვლა, ხშირად კი გადაღლილობის გამო ვარჯიშის გაცდენა. ცდუნება მართლაც ძალიან დიდი იყო, მერწმუნეთ. დეტალებზე აღარ ვისაუბრებ – უბრალოდ გეტყვით რომ ზაზამ საბოლოოდ მიიღო ყველაზე კაცური, პატრიოტული გადაწყვეტილება და არა პრაგმატული – ზაზა დარჩა საქართველოს მოქალაქე და ეროვნული ნაკრების ლიდერი, მიუხედავად იმისა რომ მისი ხელფასი დღესაც მინ 3 ჯერ ნაკლებია აზერბაიჯანის მიერ შეთავაზებულ ხელფასზე.
ამას იმიტომ ვწერ, რომ მინდა ყველამ გაიგოს რომ ზაზა არა მარტო მსოფლიო დონის სპორტსმენია, რაც უკვე დაგვიმტკიცა, არამედ ღირსეული მამულიშვილი და საკუთარი ქვეყნის პატრიოტი!
დიდი მადლობა ზაზა!” – წერს დავით ქაცარავა.