დავით ქევხიშვილი: “ლიპარტელიანმა ბოლო ოთხი წლის მანძილზე მილიონ ლარზე მეტი მიიღო”
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში თოქ-შოუ “360 გრადუსში” განაცხადა, რომ ვარლამ ლიპარტელიანს ბოლო ოთხი წლის მანძილზე პრემიის სახით 700 000 ლარი, ხოლო ხელფასის სახით – 350 000 ლარი აქვს მიღებული.
“განვაცხადე, რომ ვალდებული ვარ, ამ კითხვებს პასუხი გავცე. სახელმწიფოს ახალი პროექტი ჰქონდა – ოლიმპიადის თითოეულ ლიცენზიაზე ფედერაციას 85 000 ლარი ერიცხებოდა. არა სპორტსმენს, არამედ ფედერაციას სხვადასხვა საქმიანობების გასავითარებლად. რეალურად, ეს თანხა სპორტსმენებისათვის მიზნობრივად გამოყოფილი არ არის, რადგან ისინი ცალკე იღებენ თავიანთ პრემიას. მეტსაც გეტყვით, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ვარლამ ლიპარტელიანს პრემიის სახით 700 000 ლარი აქვს აღებული, ხელფასის სახით კი – 350 000 ლარამდე. დაახლოებით მილიონ ლარზე მეტი მას აქვს აღებული. ის იყო ერთ-ერთი მომთხოვნი იმისა, რომ ლიცენზიის თანხიდან ნაწილი მასაც ეკუთვნის. კი ბატონო, გეკუთვნის. ჩვენ ავდექით და ამ თანხის ნაწილი მათ მივეცით.
ლიპარტელიანი აცხადებს, რომ ტურნირებზე საკუთარი თანხებით დადის. მე დავასაბუთებ და ვიტყვი, რომ ასე არ არის. სულ რომ ასეც იყოს, ქვეყანა არ დაიქცევა, თუ ერთხელ შენი ფულით ტურნირზე წახვალ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არასოდეს არცერთი პირველი ნომერი თავისი ფულით არ წასულა არსად”, – განაცხადა ქევხიშვილმა.
იხილეთ ვიდეო