დავით ყიფიანის სახელობის თასი: “შევარდენი” და “დინამო” მეოთხედფინალში გავიდნენ!
დღეს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალის ოთხი მატჩი იმართება. უკვე ჩატარდა ორი შეხვედრა, რომელიც ერთი და იმავე ანგარიშით, 2:0 დასრულდა.
პირველ დაპირისპირებაში თბილისის “შევარდენი” დუშეთის სპორტ-კომპლექსის სტადიონზე ლანჩხუთის “გურიას” შეხვდა. ანგარიშის გახსნა დედაქალაქური კლუბის ფეხბურთელმა, გიორგი მაღალაძემ მე-20 წუთზე მოახერხა.
მეორე ნახევარშიც ერთი გოლი გავიდა – ისევ გურულების კარში. 90-ე წუთზე მუმლაძემ ორამდე გაზარდა უპირატესობა.
საბოლოოდ, 2-0 და 1906 წელს დაარსებული და დაახლოებით ერთი წლის წინ აღდგენილი კლუბი მეოთხედფინალში გავიდა.
რაც შეეხება მეორე მატჩს, ეს წყალტუბოს “სამგურალისა” და თბილისის “დინამოს” დაპირისპირებაა. კახა კაჭარავას შეგირდებმა ორი უპასუხო გოლი გაიტანეს: ჯერ 30-ე წუთზე ბექა მიქელთაძემ გამოიჩინა თავი, ხოლო 52-ე წუთზე კი ბაჩანა არაბულმა გაიტანა თერთმეტმეტრიანიდან.
საბოლოოდ, 0:2 და “დინამოც” შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ფოტო: Fcdinamo.Ge