დე ბრუინი: “არ ვიცი, მე და სალაჰი ერთმანეთს როგორ უნდა შეგვადარონ”
“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა მისი და მოჰამედ სალაჰის შედარებაზე ისაუბრა.
როგორც იცით, ორივე ფეხბურთელი პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში კარგად გამოიყურება. დიდი ალბათობით, ინგლისის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშე სწორედ ერთ-ერთი გახდება.
“ყველას თავისი აზრი გააჩნია. მთავარია, რას ეძებს გულშემატკივარი კონკრეტულ ფეხბურთელში. სალაჰს ბევრი გოლი გააქვს და თავდამსხმელის ამპლუაში შესანიშნავად თამაშობს. მას ბრწყინვალე სეზონი აქვს. როგორ უნდა შეგვადარონ ჩვენ ერთმანეთს, თუნდაც სტატისტიკით? ერთმანეთისაგან ძალიან განვსხვავდებით. მაგალითად, “ევერტონის” წინააღმდეგ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ვითამაშე, შესაბამისად, ჩემი თავდამსხმელთან შედარება რთულია. მოჰამედი ნამდვილად გამორჩეულია, რაზეც მისი შედეგებიც მეტყველებს. გამიმართლა, რომ საუკეთესოს დასახელება მე არ მიწევს”, – ციტირებს დე ბრუინის სიტყვებს “ტელეგრაფი”.
შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “ლივერპული” “მანჩესტერ სიტის” “ენფილდზე” უმასპინძლებს.