დე ბრუინმა განმარტა, რატომ არ აღნიშნა დანიის კარში გატანილი გოლი
ბელგიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა დანიასთან გამარჯვების შემდეგ განმარტა, თუ რატომ არ აღნიშნა გატანილი გოლი.
როგორც იცით, ბელგიამ დანია 2:1 დაამარცხა. დე ბრუინი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, როცა დანიელები იგებდნენ. თუმცა, მან ჯერ თორგან აზარს საგოლე პასი გაუკეთა, შემდეგ კი მეტოქის კარი თავად აიღო.
“რობერტო მარტინესმა მოედანზე შესვლის წინ მითხრა, რომ სივრცეები უნდა შემექმნა. მე გოლი გავიტანე, მაგრამ მისი აღნიშვნა არ მინდოდა. დანიელ ფანების დიდ პატივს ვცემ. ახლა შეგვიძლია გახარებულები ვიყოთ. ვიცოდით, რომ დანიასთან რთული თამაში იქნებოდა და მათი ფანების წინ, შესაძლებელი იყო, ყველაფერი მომხდარიყო”, – განაცხადა 29 წლის ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში დანიელთა ლიდერს, კრისტიან ერიქსენს გულის შეტევა დაემართა.