დე ბურს კარისკენ უთითებენ
მილანის “ინტერის” ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ფრანკ დე ბურის მუშაობით უკმაყოფილოა. “ნერაძურიმ” იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშება ცუდად დაიწყო, ბოლო სამ მატჩშიც დამარცხდა და ცხრა ტურის თავზე 11 ქულით სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიცია უკავია. გუნდს ვერც ევროპის ლიგაზე აქვს საქმე კარგად: ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული სამი შეხვედრიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში იზეიმა გამარჯვება, დანარჩენ ორ მატჩში კი მოედანი დამარცხებულმა დატოვა და ახლა ჯგუფში ბოლო ადგილი უკავია, თუმც მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.
“ინტერის” ხელმძღვანელობა დე ბურს შეხვდა და ასეთი ულტიმატუმი წაუყენა, ან “ტორინოს” წინააღმდეგ ხვალ გასამართ მატჩში ბრწყინვალე გამარჯვებას მოიპოვებ ან გუნდის თავკაცის პოსტის დატოვება მოგიწევსო.
პრესაში უკვე სახელდება ფრანკ დე ბურის შესაძლო შემცვლელთა ვინაობა. უპირველესად “ვერონას” ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ანდრეა მანდორლინისა და რომის “ლაციოს” ექს-თავკაცის, სტეფანო პიოლის კანდიდატურები განიხილება. სახელდება სხვა ვარიანტებიც: მარსელო ბიელსა, ლორან ბლანი, ლუი ვან გაალი, ანდრე ვილაშ-ბოაში და ფრანჩესკო გვიდოლინი.
აღსანიშნავია, რომ მილანის “ინტერს” მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონესთან შეთანხმება აქვს, რომლის მიხედვითაც, არგენტინელმა სპეციალისტმა “ნერაძური” 2018 წელს უნდა ჩაიბაროს. შესაბამისად, მიმდინარე სეზონში დე ბურის გათავისუფლების შემთხვევაში, კლუბი ახალ მწვრთნელს ერთწლიან კონტრაქტს გაუფორმებს, რაც, ბუნებრივია, მიმზიდველად არ გამოიყურება. ამიტომაც, “ინტერის” ჩინელი ინვესტორები დროებითი თავკაცის მოხიბვლას სოლიდური ანაზღაურების შეთავაზებით აპირებენ. მანამდე კი დე ბურს კიდევ ერთი შანსი ეძლევა: ხვალ “ინტერმა” საშინაო არენაზე “ტორინო” დამაჯერებლად უნდა დაამარცხოს. შეხვედრა თბილისის დროით 22 სააათსა და 45 წუთზე დაიწყება.