დე ხეასა და პოლ პოგბას აგენტები ხელმძღვანელობაზე ზეწოლას ახორციელებენ
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Times “მანჩესტერ იუნაიტედის” შიდა სამზარეულოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის.
როგორც ცნობილი ხდება, დავიდ დე ხეასა და პოლ ლაბილ პოგბას აგენტები კლუბის ხელმძღვანელობისგან ხელფასების მომატებას ითხოვენ, რაც მათ კონტრაქტებში არსებული ერთი პუნქტით გახლავთ განპირობებული.
საქმე ის გახლავთ, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გასვლის შემთხვევაში კლუბის თითოეულ ფეხბურთელს ხელფასი 25 პროცენტით შეუმცირდება. გეტყვით იმასაც, რომ დე ხეას კლუბთან არსებული კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება, პოგბას – ორი წლის შემდეგ.
რაც შეეხება უშუალოდ პრემიერ ლიგის სატურნირო მდგომარეობას, ამ დროისთვის, “მანჩესტერ იუნაიტედი” 64 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს და ორი ქულით ჩამორჩება ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ “არსენალს”.