დე ლაურენტისი: “კვარცხელიას გვარის წარმოთქმასთან პრობლემები გვექნება”
“ნაპოლის” პრეზიდენტმა რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი დაადასტურა და განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელის გვარის წარმოთქმასთან დაკავშირებით ნეაპოლში პრობლემები შეექმნებათ.
დე ლაურენტისი უკვე ფიქრობს იმ ზედმეტსახელებზე, რომლებიც შესაძლოა ხვიჩას შეურჩიონ.
“იმედი მაქვს, ამ ტრანსფერით კარგი სვლა გავაკეთე, ის ნამდვილად “ნაპოლის” ფებურთელია. მისი გვარის წარმოთქმასთან დაკავშირებით პრობლემები გვექნება. შესანიშნავი მომღერლის, “ჯორჯიას” (იტალიელი მომღერალი) სახელს ვერ დავუძახებ, რადგან იგი ქალბატონია. შეიძლება ხვიჩას “ძიძი” ვუწოდოთ, ცუდი სახელი არ არის”, – განაცხადა “ნაპოლის” პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია სერია A-ს კლუბს ზაფხულში 5-წლიანი ხელშეკრულებით შეუერთდება. გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა თითოეულ სეზონში, ხელფასის სახით, 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.