დე ლიხტი: “აიაქსს” არავისი ეშინია”
ამსტერდამის “აიაქსის” 19 წლის კაპიტანმა, მატეის დე ლიხტმა “იუვენტუსთან” გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს არავისი ეშინია.
როგორც იცით, ჰოლანდიურმა კლუბმა ტურინელები ტურინში 2:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. “აიაქსი” ნახევარფინალში “მანჩესტერ სიტისა” და “ტოტენჰემის” წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
“დაუჯერებელია. ძალიან გახარებულები ვართ, ჩემი გუნდით ვამაყობ. ვიცით, რომ ჩვენ ტექნიკური შესაძლებლობები მაღალ დონეზე გვაქვს, ამიტომ არავისი გვეშინია. ვიცით, რომ თამაში შეგვიძლია და თქვენც ხედავთ, როგორ ვითამაშეთ. არ გვაქვს მიზეზი იმისა, ვინმესი გვეშინოდეს.
ჯერ ნახევარფინალზე არ ვფიქრობ, რადგან ამ მომენტში გამარჯვებისაგან სიამოვნებას ვიღებ. დაუჯერებელი საღამო იყო. ვერც კი გადმოვცემ, როგორ ვამაყობ ამ ფეხბურთელებით. ვიცოდი, რომ მოგება შეგვეძლო”, – უთხრა დე ლიხტმა ViaSportFotball-ს.