დებიუტანტებით კანადასთან
ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა მილთონ ჰეიგმა თიბისი რაგბის სერიების პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. 23-კაციან განაცხადში 20-წლამდელებიდან დაწინაურებული ორი დებიუტანტია – მირიან მოდებაძე გარემარბად იწყებს თამაშს, ხოლო გიორგი კვესელაძე მარქაფაშია.
11 ნოემბერს ბორჯღალოსნები ‘დინამო არენაზე’ კანადას დაუხვდებიან, რომელთანაც ბოლოს ექვსი თვის წინ ქალგარიში ითამაშეს და უამინდობაში 13:0 იმარჯვეს, რითაც ‘ნეკერჩხლებთან’ ურთიერთშეხვედრების ბალანსი გაათანაბრეს (3-3). იმ თამაშთან შედარებით საწყის 15-ში ოთხი ცვლილება და ერთი გადაადგილებაა.
შერკინების პირველ ხაზში მიხეილ ნარიაშვილთან და ჯაბა ბრეგვაძესთან ერთად ლევან ჩილაჩავა დადგება, მეორე ხაზში კვლავ კოტე მიქაუტაძე და გიორგი ნემსაძე შეწყვილდებიან, ხოლო მესამე ხაზში გიორგი თხილაიშვილის ნაცვლად ფლანკერი ვიტო კოლელიშვილი იქნება. მეორე ფლანკერი ლაშა ლომიძე, ხოლო შერკინების შემკვრელი ბექა ბიწაძეა.
უცვლელია ბოლო წლების ღერძი – ვასილ ლობჟანიძე და ლაშა ხმალაძე, შუამარბებადაც ნაცნობი დუეტი იდგება – მერაბ შარიქაძე და დავით კაჭარავა. ერთი გარემარბი ქუთაისის ‘აიას’ ფულბეკი მირიან მოდებაძე იქნება, რომელიც პირველ კეპს მოიხვეჭს, ხოლო მეორე ფრთაზე რუსთავის ‘ხარების’ შუამარბი გიორგი კოშაძე დადგება.
სიახლეა ფულბეკის პოზიციაზე. ბორჯღალოსანთა პირველი ცენტურიონი და საუკეთესო მექულე მერაბ კვირიკაშვილი, პირველად 2016 წლის თებერვლის შემდეგ (გერმანიასთან), განაცხადში არაა და მის ნაცვლად 15 ნომრით იოსებ მათიაშვილი იქნება, რომელიც ნაკრებში გარემარბად თამაშობდა და არეგნტინასთან 30 წუთით ფულბეკად მოგვევლინა.
მარქაფიდან თამაშში შალვა მამუკაშვილი, კარლენ ასიეშვილი და სოსო ბეკოშვილი ჩაერთვებიან (პირველ ხაზში), მეორე ხაზში ვეტერანი გიორგი ჩხაიძე, რომელიც 98-ე კეპს მოიხვეჭს, ხოლო მესამე ხაზში გიორგი თხილაიშვილი. 9 ნომრის შეცვლა გიორგი ბეგაძეა, მგეზავის რევაზ ჯინჭველაშვილი, ხოლო უკანა ხაზში კიდევ ერთი დებიუტანტი გიორგი კვესელაძე გამოჩნდება.
მთლიანობაში, 23-კაციან განაცხადში 15 ლეგიონერი და 8 დიდი 10-ის მოთამაშეა. შინაური კლუბებიდან 4 თამაშს იწყებს და ოთხივე ხაზის მოთამაშეა, ხოლო თადარიგში მყოფი 4 მოთამაშიდან 3 უკანახაზელი და ერთი მორკინალია.
სასტარტო 15-ეულის კეპების ჯამი 587-ია. აქედან 342 კეპი მორკინალებზე, ხოლო 245 ხაზის მოთამაშეებზე მოდის. ხაზში სამი ისეთი მორაგბეა, რომელთა კეპების ჯამური რაოდენობა 10-იც არაა (კოშაძე – 6, მათიაშვილი – 3, მოდებაძე – 0).
Rugby.Ge