დეიან ლოვრენი: “ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ვარ, ჩემზე მეტ შეცდომას სერხიო რამოსი უშვებს”
“ლივერპულისა” და ხორვატიის ნაკრების მცველი დეიან ლოვრენი საკუთარ თავს თავის ამპლუაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევს. ხორვატი ფეხბურთელის თქმით, მასზე მეტ შეცდომას მადრიდის “რეალის” მცველი სერხიო რამოსი უშვებს.
“მე ვთქვი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვარ და არა – საუკეთესო. ალბათ, საუკეთესო მცველთა ხუთეულში შევდივარ. დამისახელეთ ფეხბურთელი, რომელსაც უთამაშია ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ერთი თვის შემდეგ – მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვით მატჩში. ინგლისში ტიერი ანრის შემდეგ ასეთი რამ მე შევძელი. ეს გადამოწმებული მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ფინალურ მატჩში დავმარცხდი, პატივისცემას ვიმსახურებ.
იდეალური არავინაა. ადამიანები სხვის შეცდომებს გამადიდებელი შუშით აკვირდებიან, თუმცა დადებით მხარეებს ყურადღების მიღმა ტოვებენ. ამდენ სიძულვილს არ ვიმსახურებ.
ავიღოთ სერხიო რამოსი. ის გაცილებით მეტ შეცდომას უშვებს, ვიდრე – მე, თუმცა “რეალში” შეცდომებს არავინ აქცევს ყურადღებას, თუ გუნდი ანგარიშით 5:1 ან 5:2 იგებს. მე არ მიმართლებს. როდესაც შეცდომას ვუშვებ, ყოველთვის ვმარცხდებით ანგარიშით 0:1. არა უშავს. სადაც ახლა ვარ, იქ შეცდომის გარეშე ყოფნა შეუძლებელია”, – ციტირებს ლოვრენის სიტყვებს Copa90.