დემბელეს ტრავმამ შესაძლოა, “ბარსელონას” 10 მილიონი ევრო დააზოგინოს
ლა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონამ” “ხეტაფე” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. შეხვედრის 25-ე წუთზე საკმაოდ სერიოზული დაზიანება მიიღო უსმან დემბელემ, რის გამოც 3-4 თვით მოუწევს უქმობა.
მართალია, “ბარსელონას” ქომაგთათვის ეს ძალიან ცუდი ამბავია, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, არის ერთი დადებითი მხარეც – დემბელეს ტრავმის წყალობით, “ბარსელონა” 10 მილიონი ევროს ეკონომიას გააკეთებს.
როგორც ცნობილი ხდება, “ბორუსიასა” და “ბარსელონას” მიერ გაფორმებულ კონტრაქტში არის სპეციალური პუნქტი: თუ ფრანგი ვარსკვლავი სადებიუტო სეზონში 50 მატჩში მიიღებს მონაწილეობას, “ლურჯ-ბროწეულისფრებს” დამატებით 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს გერმანელთათვის.
შეგახსენებთ, რომ დემბელეს ტრანსფერი “ბარსას” 105 მილიონი ევრო დაუჯდა, რასაც შესაძლოა, ბონუსების სახით კიდევ 40 მილიონი დაემატოს.