Der Spiegel: რამოსმა უეფას ანტი-დოპინგური წესი დაარღვია
გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი Football Leaks-ზე დაყრდნობით წერს, რომ მადრიდის “რეალის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა უეფას ანტი-დოპინგური წესი ორჯერ დაარღვია.
გამოცემის ცნობით, ავსტრიის ქალაქ ზაიბერსდორფის ლაბორატორიაში დადასტურდა, რომ 2017 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ (“რეალი”-“იუვენტუსი”) რამოსმა დოპინგ-ტესტი ჩააგდო.
მადრიდის “რეალის” ექიმის განცხადებით, რამოსმა მატჩამდე ერთი დღით ადრე, დექსამეტაზონის ორი ინექცია გაიკეთა, ერთხელ მუხლზე, ერთხელ კი – მხარზე. ამ ინფორმაციას უეფაც ადასტურებს.
ასევე, ცნობილი ხდება, რომ რამოსს დოპინგ-ტესტი 2018 წლის აპრილში ესპანურმა სააგენტომ ჩაუტარა. მადრიდელთა მცველი გაფრთხილებული იყო, რომ მას ტესტის გავლამდე შხაპი არ უნდა მიეღო, თუმცა მან შხაპი მაინც მიიღო. სააგენტოს წესების თანახმად, დოპინგ-ტესტის გავლამდე, ფეხბურთელი ტუალეტშიც კი არ უნდა შევიდეს.