დეშამი: „ყველანი ვღელავთ, მაგრამ არა გერმანიის სიძლიერის გამო“
დღეს ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპი გაიხსნება. თბილისის დროით 20:00 საათზე საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გასამართი მატჩი აიღებს სტარტს.
„მამლების“ მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი აცხადებს, რომ მისი გუნდი დამდეგი შეხვედრისთვის ჩვეულ რეჟიმში ემზადება. ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტის თქმით, მის ბანაკში ყველა ღელავს, თუმცა არა მეტოქის სიძლიერის გამო.
— არანაიდ ზეწოლას არ ვგრძნობთ. თქმა არ უნდა იმას, რომ ყველანი ვღელავთ, მაგრამ არა მეტოქის სიძლიერის გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპია. აქ გერმანიის ნაკრები არაფერ შუაშია.
— ესე იგი, მატჩს ლაღი განწყობილებით ხვდებით?
— რაც უფრო შორეულ ეტაპზე გადიხარ, მით უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობ. ჩვეულ რეჟიმში ვემზადებით, თუმც გვესმის, რაოდენ დიდი მნიშვნელობა ექნება მატჩის შედეგს.
— შეგიძლიათ, რომ ახლავე გააკეთოთ მსოფლიოს ჩემპიონატზე თქვენი გუნდის გამოსვლის წინასწარი შეფასება?
— ჩვენმა ფეხბურთელებმა დაამტკიცეს, რომ მაღალი სტატუსის მიუხედავად, მათ შეუძლიათ ერთ გუნდად შეკვრა. გუნდში არსებული ატმოსფეროთი კმაყოფილი ვარ. ყველამ ისწავლა პასუხისმგებლობის აღება არამხოლოდ საკუთარ შეცდომაზე, არამედ თანაგუნდების არასწორ მოქმედებაზეც.