დეშამი: „რაღაც დავაკელით“
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის I ჯგუფში საქართველოსა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთა შორის „დინამო არენაზე“ გამართული მატჩის შემდეგ სტუმართა მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი აშკარად უკმაყოფილო იყო. ფრანგი თავკაცის თქმით, მის ფეხბურთელებს მოედანზე მეტი უნდა ემუშავათ.
– რას გვეტყოდით მატჩზე?
– პირველ ტაიმში მომენტები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. საქართველოს ნაკრებმა კარგი შედეგი აჩვენა. მოედანზე მეტი სამუშაო უნდა შეგვესრულებინა.
– რატომ ვერ მოიგო საფრანგეთის ნაკრებმა?
– იმიტომ, რომ გოლი ვერ გავიტანეთ.
– რას დააბრალებდით ამ შედეგს?
– როგორც ჩანს, რაღაც დავაკელით. მეტი უნდა გაგვეკეთებინა. შეცდომები დავუშვით, განსაკუთრებით ცენტრალურ ხაზში.
– მთელმა გუნდა გაგიცრუათ იმედები?
– ასე ვერ ვიტყოდი. საქართველოს ნაკრები კარგად შეჯგუფებული თამაშობდა, რამაც საშუალება არ მოგვცა, მიზნისთვის მიგვეღწია. გამოვარჩევდი ოქრიაშვილის თამაშს, თუმცა მთელმა გუნდმა კარგი შეხვედრა ჩაატარა..
– გუშინ ამბობდით, რომ მიზანი 3 ქულის მოპოვება იყო. ეს ხომ არ იყო მეტოქის შეუფასებლობა? რამდენად რეალურია შანსი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გახვიდეთ?
– რა თქმა უნდა, პირველ ადგილს ვეღარ დავიკავებთ, თანაც ესპანეთის ნაკრებმა თავისი მატჩი მოიგო, თუმცა მიზანი იქნება მეორე პოზიციაზე გასვლა.
– რა არის გამოსავალი?
– მეტი შეტევა და მომენტების გამოყენება. ასევე საჭიროა უფრო მეტი სწორი გადაცემა გავაკეთოთ. ეს არ არის სრული იმედგაცრუება. წინ კიდევ ორი მატჩია.
– გუნდი ჯგუფის მეორე ადგილზე გადის და უფრო პოზიტიური განწყობა თქვენთვის სასურველი არ იქნებოდა?!
– მეც ამის მომხრე ვარ. ჩვენი ამბიცია პირველ ადგილზე გასვლა იყო, თუმცა არც მეორე პოზიციაა ურიგო შედეგი.
– აშაკარა იყო, რომ შეტევითი ხაზი ძირითადად ორ ფეხბურთელზე გადიოდა – ფრანკ რიბერისა და მატიე ვალბუენაზე, თუმცა რიბერიმ ვერაფერი გააკეთა და ვერც ვალბუენას თამაშმა მოიტანა შედეგი. ეს იყო თქვენი ტაქტიკური შეცდომა თუ ისინი არ არიან სასურველ ფორმაში?
– ვერ დაგეთანხმებით. რიბერის წინააღმდეგ ორი-სამი ფეხბურთელი თამაშობდა და ის მაინც იძვრენდა თავს.
– ორი ფორმალური ტური დარჩა. მუნდიალზე გკითხავთ: რას გეგმავს დეშამი ამ ფორმაციის საფრანგეთის ნაკრებთან ერთად?
– ვეცდებით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ.
– მომავალ მატჩებში რას გვპირდებით?
– ხარვეზების გამოსწორებასა და მეტ შეტევას.
ბექა დოგრაშვილი