დეტალიზაცია – როგორ გავიდა გადამწყვეტი გოლი “იუვენტუსის” კარში? (ფოტოები)
“იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლას კვლავაც ნაადრევად დაემშვიდობა. ტურინულმა კლუბმა “პორტუს” ბარიერი ვერ გადალახა. ორმატჩიანი დაპირისპირება ანგარიშით 4:4 დასრულდა, თუმცა პორტუგალიური კლუბი მომდევნო ეტაპზე გასვლაზე გატანილი მეტი გოლის ხარჯზე გავიდა.
გამოდის, რომ ყველაფერი სერჟიო ოლივეირას მიერ გატანილმა საჯარიმომ გადაწყვიტა. დეტალურად განვიხილოთ, თუ რა მოხდა ამ გოლის მომენტში. 54-ე წუთზე თარემის გაძევების შემდეგ “პორტუს” იმედად სტანდარტულები რჩებოდა. უესტონ მაკკენიმ 114-ე წუთზე სწორედ ასეთი საჩუქარი გაუკეთა “დრაკონებს”.
მიუხედავად იმისა, რომ კარამდე მანძილი საკმაოდ შორი იყო, შჩესნი მოდუნებული არ ყოფილა, რაც მეორე ფოტოზე კარგად ჩანს. შჩესნიმ მაკკენის კედლიდან გამოსვლა და “პორტუს” ფეხბურთელის აყვანა სთხოვა. კედელში კი მორატა, რონალდუ და რაბიო დარჩნენ. მათ სიახლოვეს კი კუადრადო და მაკკენი იყვანდნენ თავიანთ ფეხბურთელებს.
ოლივეირამ დაბალი დარტყმა გაუშვა, რომელიც სწორად ფორმირებულ კედელს მარტივად უნდა მოეგერიებინა. თუმცა შემდეგი რამ მოხდა – მორატა უცნაურად მოიღუნა, რაბიო რონალდუს პოზიციისკენ გადავიდა, კრიშტიანუ კი შემობრუნდა და გაშლილი ფეხებით ახტა. ოლივეირამ სწორედ ეს გამოიყენა.
ბურთი მეკარის მარცხენა კუთხესთან უფრო ახლოს იყო, შჩესნი ძალიან ახლოს იყო სეივთან, თუმცა არ გამოუვიდა. “პორტუს” ფეხბურთელების აღნიშვნის შემდეგ კადრი საკმაოდ დროულად გადაერთო რონალდუზე.