დევიდ მოიესი მსაჯებს აფრთხილებს
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გასამართ მატჩამდე „წითელი ეშმაკების“ მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი შეხვედრის არბიტრებს აფრთხილებს, რომ გერმანელმა ფეხბურთელებმა მასპინძელთა საჯარიმო მოედანზე შესაძლოა სიმულაციას მიმართონ.
„არბიტრებს ვენდობით. იმედი გვაქვს, ისინი სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. მეტოქის საჯარიმო მოედანზე სიმულაცია მსაჯებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტია. მხარს დავუჭერდი, რომ ვიდეოგამეორებების ხილვის შემდეგ სიმულანტი ფეხბურთელები დასჯილიყვნენ, თუმცა კონკრეტულ მოთამაშეებზე ყურადღების გამახვილება არ მსურს“, – ციტირებს მოიესის სიტყვებს ბრიტანული Sportsmole-ი.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, „ბაიერნის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ, ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა სიმულაციისთვის ღიად დასდო ბრალი ბავარიელთა
ჰოლანდიელ ნახევარმცველ არიენ რობენს.
რაც შეეხება „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ბაიერნს“ შორის გასამართ მატჩს, ის დღეს, ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას კარლოს ველასკო კარბალიოს თავკაცობით ესპანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
ბექა დოგრაშვილი