დეჟა ვუ: “სიტის” “ტოტენჰემთან” გამარჯვების გოლი გაუუქმეს (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრას “ეტიჰად სტედიუმმა” უმასპინძლა, სადაც “მანჩესტერ სიტიმ” ლონდონის “ტოტენჰემი” მიიღო. “სიტის” საშინაო არენაზე შეკრებილმა პუბლიკამ ძალიან დაძაბული ბრძოლა იხილა.
შეხვედრა “მანჩესტერ სიტის” სრული უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მატჩის მე-20 წუთზე გაიხსნა, როდესაც კევინ დე ბრუინის საგოლე პასი გოლად სტერლინგმა გარდასახა. ორიოდე წუთის შემდეგ ერიკ ლამელამ შეგვახსენა შორეული დარტყმით თავი და ანგარიშიც გათანაბრდა. ტაიმის მიწურულს კუნ აგუერომ (35′) შეძლო “ქალაქელთა” დაწინაურება – 1:2.
წაგებული ტაიმის შემდეგ “ტოტენჰემმა” მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყო. 56-ე წუთზე შემოსულ ერიკ ლამელას ერთი წუთიც კი არ დასჭირდა ანგარიშის გასათანაბრებლად. დარჩენილი პერიოდი “სიტის” კარნახით მიმდინარეობდა, თუმცა “სპურსის” მცველები მეტოქეთა გამალებულ შეტევებს ღირსეულად ხვდებოდნენ. მატჩის მიწურულს გაბრიელ ჟეზუსმა გოლის გატანა შეძლო, თუმცა, ვიდეორეფერიმ გოლამდე ლაპორტეს ხელით თამაში დააფიქსირა – 2:2.
ასე რომ, პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტის” “ტოტენჰემმა” ჩემპიონატში პირველი ქულები დააკარგვინა. ამ დროისთვის სატურნირო ცხრილს “ლივერპული” ლიდერობს, რომელმაც დღეს გასვლაზე “საუთჰემპტონს” მოუგო (1:2).