დღეს მსოფლიოს ჩემპიონი გაირკვევა
საკლუბო მსოლიო ჩემპიონატზე ფინალის დრო დადგა. დღეს გვიან ღამით კასაბლანკაში, ადგილობრივი “რაჯა” და მიუნხენის ბაიერნი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. თუ გერმანული კლუბი გამარჯვებას მოიპოვებს, ეს მათი მეხუთე ტიტული იქნება 2013 წელს.
“მატჩის მოსაგებად ასპროცენტიანი კონცენტრაცია გვჭირდება. მე აქ იუპი ჰაინკესის საქმეს ვაგრძელებ. ტიტულის მოგებას სწორედ ჰაინკესს მივუძღვნით. ნახევარფინალში “რაჯამ” ყველას დაუმტკიცა, რომ ძლიერი გუნდია. იმის გათვალისწინებით, რომ მაროკოელები საკუთარ მოედანზე თამაშობენ, ჩვენ ძალიან რთული შეხვედრა გვექნება. ეს ნამდვილი ფინალია” – განაცხადა გვარდიოლამ.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე “ბაიერნი” უძიერესი შემადგენლობით გამოდის. ტრავმის გამო გერმანულ კლუბს მხოლოდ შვაინშტაიგერი და რობენი ვერ ეხმარებიან. პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი შეხვედრა მიუნხენელებმა ჩინური “გუანჩჯოუს” წინააღმდეგ გამართეს და იოლად დაამარცხეს აზიის წარმომადგენელი – 3:0.
ბუნებრივია, რომ გულშემატკივრები და სპეციალისტები “ბაიერნი” – “ატლეტიკო მინეიროს” ფინალს ელოდა, მაგრამ ბრაზილიელებმა სენსაციური მარცხი განიცადეს “რაჯასთან” (3:1).
დღეს რონალდინიოს გუნდი მესამე ადგილისთვის მატჩი ჩინურ “გუანჩჯოუს” დაუპირისპირდება. ამ შეხვედრაში გამარჯვება უბრალოდ ღირსების საქმეა.
რა თქმა უნდა “რაჯას” ფინალში გასვლა ტურნირის დონეზე და კლუბების ცოტა ზერელე დამოკიდებულებაზეც მეტყველებს. ფიფა აქტიურად ცდილობს საკლუბო ჩემპიონატის გაპიარებას, მაგრამ ევროპაში აღნიშნული გათამაშება ინტერესს საერთოდ არ იწვევს. თუმცა, ეს კარგი შანსია სხვა კონტინენტების წარმომადგენლებისათვის საკუთარი თავის წარმოჩენის და კარგი საპრიზო ფონდის მისაღებად. ამას შესანიშნავად ადასტურებს სწორედ “რაჯას” მაგალითი. ფეხბურთელები ყოველ მატჩზე, როგორც ფინალზე გამოდიან, რაც საბოლოოდ დაუფასდათ კიდევაც. მასპინძლებმა ყველაზე გრძელი გზა განვლეს ფინალამდე. დაიწყეს რა ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპიდან სადაც “ოკლენდ სიტის” სძლიეს. შემდეგ იყო “მონტერეი” და ბოლოს ტურნირის მთავარი სენსაცია – “ატლეტიკო მინეიროს” დამარცხება.
“რაჯას” წამყვანი ფეხბურთელი 28 წლის მაროკოელი ფორვარდი მუხსინ იაჟურია. მას ევროპაში თამაშიც გამოცდილებაც აქვს. იარუჟი შვეიცარულ “კიასოში” და ბელგიურ “შარლერუაში” ასპარეზობდა.
ასევე დიდი წვლილი გუნდის წარმატებაში მთავარ მწვრთნელს, ბენზარტის მიუძღის, რომელმაც საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბა.
“ყოველთვის მჯეროდა ჩემი გუნდის. “რაჯა” ფინალშიც ბოლომდე იბრძოლებს. ამას პირველ რიგში ჩვენი შესანიშნავი გულშემატკივრები იმსახურებენ. ჩვენი ფინალში გასვლა მოულოდნელობა არ ყოფილა პირადად ჩემთვის. ეს დაუღალავი შრომის დამსახურებაა – განაცხადა “რაჯას” მთავარმა მწვრთნელმა.
ფინალური შეხვედრა დღეს თბილისის დროით 23:30-ზე დაიწყება