“დღეს რაგბიც დამარცხდა” – რა მოხდა ბელგია – ესპანეთის შეხვედრაში (ვიდეო)
18 მარტს, რაგბი ევროპის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა თბილისში რუმინეთი 25:16 დაამარცხა.
მიუხედავად მარცხისა, რუმინეთის ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე გასვლა მოახერხა, ამის მიზეზი კი ბელგია-ესპანეთის მატჩის შედეგია. ესპანელები აუტცაიდერ ბელგიასთან გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ მოხვდებოდნენ. თუმცა, მარცხის (10:18) შემდეგ მათ ფლეი-ოფში მოუწევთ თამაში, სადაც ჯერ პორტუგალია უნდა დაამარცხონ, შემდეგ კი სამოას დაუპირისპირდნენ.
ბელგია-ესპანეთის შეხვედრას რუმინელი არბიტრი, ვლად ლორდაჩესკუ და მისი ორი რუმინელი ასისტენტი ემსახურებოდა. ესპანელი მორაგბეები მთავარი არბიტრის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოები არაერთხელ დარჩნენ, მატჩის დასრულების შემდეგ კი მას დაუპირისპირდნენ. ესპანელთა აზრით, მსაჯი საკუთარი ქვეყნის ნაკრებისათვის სარგებლის მოტანის მიზნით საეჭვო გადაყვეტილებებს იღებდა. საბოლოოდ, ლორდაჩესკუ სტადიონიდან დაცვის სამსახურის წევრებმა გააცილეს.
“არ მინდა, ვიფიქრო, რომ ეს მატჩი გარიგებული იყო. როცა გავიგეთ, რომ მსაჯები რუმინელები იქნებოდნენ, შოკში ჩავვარდით. თუმცა, ეს რაგბია და ამ სპორტის ფასეულობებს პატივს ვცემთ. მთელი გუნდი იმედგაცრუებულია. დღეს არამარტო ესპანეთი, არამედ რაგბიც დამარცხდა. მე კაპიტანი ვარ და მინდა, მსაჯთან მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიში მოვიხადო.”, – განაცხადა ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა ნავამ მატჩის დასრულების შემდეგ.
იხილეთ ვიდეო