დღის 5 სატრანსფერო ჭორი
გთავაზობთ დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს.
ჰალილოვიჩი იტალიურ კლუბებს სურთ
“ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველი ალენ ჰალილოვიჩი კარიერას, სავარაუდოდ, იტალიაში გააგრძელებს. 1996 წელს დაბადებული ფეხბურთელისადმი ინტერესს “ფიორენტინა” და “სამპდორია” იჩენენ. საუბარი მოთამაშის იჯარაზეა.
ვიდალის აგენტი რეალს ეკონტაქტება
“იუვენტუსის” ნახევარმცველი არტურო ვიდალი, შესაძლოა, იანვარში “რეალში” გადავიდეს. იტალიური პრესის ცნობით ფეხბურთელის აგენტი მადრიდულ კლუბთან ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავს.
მილნერი სიტიში რჩება
ინგლისური პრესის ცნობით ჯეიმს მილნერმა მანუელ პელეგრინისგან სათამაშო პრაქტიკასთან დაკავშირებით გარკვეული გარანტიები მიიღო და მოთამაშეც დიდი ალბათობით “სიტიში” დარჩენას გადაწყვეტს. მილნერისადმი ინტერესს იტალიური “რომა” იჩენდა.
ანრი სამშობლოში ბრუნდება?
ტიერი ანრის გადაბირებით “მონაკო” და “პსჟ” ინტერესდებიან. ფრანგი ფორვარდი “ნიუ-იორკ რედ ბულზთან” ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდება და სავარაუდოდ ამერიკულ კლუბს დატოვებს კიდეც.
რეალს დე ხეა სურს
ესპანური პრესის ცნობით მადრიდის “რეალი” “მანჩესტერ იუნაიტედიდან” დავიდ დე ხეას გადაბირებაზე ფიქრობს. “სამეფო კლუბში” კასილიასის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით ახალი მეკარის ძიებას დაიწყეს.