დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 12 იანვარი
“ბარსელონას” კოუტინიო სურს
“მანჩესტერ იუნაიტედს” “ბარსელონას” ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს შეძენა სურს.
26 წლის ფეხბურთელს კატალონიურ გუნდში საქმეები კარგად არ მისდის. ის სასტარტო შემადგენლობაში ხშირად ვეღარ ხვდება, “იუნაიტედი” კი ამ ფაქტორის გამოყენებას აპირებს. როგორც ირკვევა, ინგლისური კლუბის წარმომადგენლები კოუტინიოს აგენტს უკვე დაუკავშირდნენ.
ფელაინი “მილანში”?
ბელგიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “მილანი” მარუან ფელაინის დამატებას ისევ შეეცდება.
31 წლის ფეხბურთელს ზაფხულში “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი ეწურება, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტი გახდება. დიდი შანსია, ის სწორედ “როსონერიში” ვიხილოთ.
შეგახსენებთ, რომ მილანელს ბელგიელი ნახევარმცველის დამატების სურვილი აქამდეც ჰქონდათ.
იკარდი “ინტერთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს
“ინტერის” ხელმძღვანელები სამშაბათს გუნდის კაპიტნის, მაურო იკარდის აგენტს შეხვდებიან და მასთან კონტრაქტის გახანგძლივებაზე ისაუბრებენ.
ცნობილია, რომ არგენტინელი თავდამსხმელის შეძენა ინგლისისა და ესპანეთის საუკეთესო კლუბებს სურთ. თავის მხრივ, მისი შენარჩუნება უნდა “ინტერსაც”, რომელსაც ფეხბურთელისათვის მინიმუმ ხელფასის გაზრდა მოუწევს.
აბიდალი “ბარსელონაში” მორატას ტრანსფერს ბლოკავს
ალვარო მორატას ლონდონური კარიერა არც ისე წარმატებული აღმოჩნდა და შესაბამისად, მისი წარმომადგენელი ხუანმა ლოპესი არაერთ ევროპულ გრანდთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
“ლურჯ-ბროწეულისფრები” მის არენდით აყვანაზე ფიქრობდნენ, მაგრამ ერიკ აბიდალი ამ ტრნასფერს ბლოკავს. რის ძირითად მიზეზადაც ფინანსური პრობლემები სახელდება – მორატას არენდით აყვანა “ბარსას” 5 მილიონი დაუჯდება და ამას ემატება მისი მაღალი ხელფასიც.
ერიკ აბიდალი, კატალონიელთა სპორტული დირექტორი მიიჩნევს, რომ ამ თანხის სანაცვლოდ უმჯობესი იქნება, თუ კლუბი უფრო ახალგაზრდა და პერსპექტიულ თავდამსხმელს დაიმატებს, რომელიც ლუის სუარესის შეცვლასაც შეძლებს.