დღის მთავარი სატრანსფერო ამბავი – 28 ივნისი
ტოტის იაპონიაში ეპატიჟებიან
“რომას” ყოფილ თავდამსხმელ ფრანჩესკო ტოტის იაპონიაში ეპატიჟებიან. 40 წლის იტალიელმა შემოთავაზება “ტოკიო ვერდისგან” მიიღო.
იაპონური კლუბი ტოტის სეზონში ჯამაგირის სახით სამ მილიონ ევროს სთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკო ტოტი “რომას” ღირსებას 1993 წლიდან იცავდა. გასული სეზონის ბოლოს მან გუნდი დატოვა, თუმცა პროფსიული კარიერის დასრულების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, ტოტიმ “რომაში” ადმინისტრაციული თანამდებობა ჩაიბარა.
“ბარსელონამ” ბელერინს მოსაფიქრებლად დროს მისცა
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის “ბარსელონამ” ლონდონის “არსენალის” მცველს, ექტორ ბელერინს მოსაფიქრებლად დრო მისცა. “მეთოფეთა” ფეხბურთელმა უნდა გადაწყვიტოს, ითამაშებს თუ არა ის “ბარსელონას” მაისურით.
ალექს სანდრო “პარი სენ-ჟერმენში”?
ტურინის “იუვენტუსის” მარცხენა მცველის, ალექს სანდროს შეძენის სურვილს “ჩელსისთან” და “მანჩესტერ სიტისთან” ერთად “პარი სენ-ჟერმენიც გამოთქვამს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზელები ტურინელებისათვის ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებენ.
“რეალმა” მორატას ფასი გაზარდა
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალმა” მორატას ფასი გაზარდა. შესაბამისად, მისი შეძენის მსურველებმა “სამეფო კლუბს” მინიმუმ 80 მილიონი უნდა შესთავაზონ.
შეგახსენებთ, რომ ესპანელ თავდამსხმელს ყველაზე ხშირად “მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებენ.
ევერ ბანეგა “სევილიაში” დაბრუნდა
ევერ ბანეგა მილანის “ინტერიდან” “სევილიაში” დაბრუნდა. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა. 28 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა ანდალუსიურ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ტრანსფერის ღირებულება არ სახელდება.
შეგახსენებთ, რომ ევერ ბანეგა “სევილიას” ღირსებას 2014-დან 2016 წლამდე იცავდა. არგენტინელი ფეხბურთელი მილანის “ინტერში” 2016 წლის ზაფხულში გადავიდა. ბანეგამ გასულ სეზონში 33 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.