დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 1 ივლისი
რენატო სანჩესი “იუვენტუსში”?
იტალიური პრესის ცნობით, ტურინის “იუვენტუსი” რენატო სანჩესის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს. ტურინელებმა დუგლას კოშტას შეძენა სცადეს, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ.
“არსენალს” სანჩესის უფასო ტრანსფერი აშინებს
ბრიტანულ პრესაში გავრეცელებული ინფორმაციით, “არსენალი” ალექსის სანჩეს ზაფხულშივე გაყიდის, რადგან მომდევნო სეზონის შემდეგ მისი უფასოდ გაშვება არ სურს. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურება.
“მილანი” სუსოს ყიდის
დიდი ალბათობით, “მილანის” შემტევი ნახევარმცველი, სუსო ზაფხულში კლუბს გამოიცვლის. იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “როსონერი” ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს.
როგორც ირკვევა, ანდრე სილვას მოსვლის შემდეგ, მონტელა მომდევნო სეზონში ახალი სქემით თამაშს აპირებს, რომელშიც ის სუსოს არ მოიაზრებს.
“ბარსამ” კრისტიან ტელიო 4 მილიონ ევროდ გაყიდა
კატალონიის “ბარსელონამ” და “ბეტისმა” შემტევი ნახევარმცველის, კრისტიან ტელიოს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.
კატალონიურმა გრანდმა ტელიო სულ რაღაც 4 მილიონ ევროდ გაყიდა, რასაც შესაძლოა, შემდეგში 1 მილიონი ევროც დაემატოს, თუ ტელიო “ბეტისს” გარკვეული წარმატებების მიღწევაში დაეხმარება.
გარდა ამისა, კატალონიური კლუბი უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში ჩაერიოს ტელიოს შემდეგ ტრანსფერშიც.
ბუფონი: “დონარუმას ვუთხარი, რომ ის გააკეთოს, რაც მას ბედნიერს გახდის”
ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდარულმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა თავის თანამემამულეზე, ჯანლუიჯი დონარუმაზე ისაუბრა, რომელიც საკმაოდ რთული გადაწყვეტილების წინაშე დგას.
“ზოგადად, რჩევებს არ ვიძლევი, რადგან თავადაც ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებ და ამით სიტუაციას უფრო ქაოსურს გავხდიდი.
თუმცა ვაღიარებ, რომ ჯიჯიოსთან 15-წუთიანი საუბარი მქონდა, ვერ გეტყვით რა ვუთხარით ერთმანეთს. უბრალოდ ვუთხარი, რომ ის გააკეთოს, რაც მას ბედნიერს გახდის,” – აცხადებს ლეგენდარული ჯიჯი ბუფონი.