დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 1 ივლისი
ლევან მჭედლიძემ “ემპოლი” დატოვა
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ლევან მჭედლიძემ “ემპოლი” დატოვა. ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში იტალიური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.
“ემპოლიმ” მჭედლიძე 13 წლის წინ, გორის “დილადან” შეიძინა. 2008-2010 წლებში ქართველი ფეხბურთელი “პალერმოში” იყო განათხოვრებული.
კოუტინიო კვლავ “ლივერპულში”?
ბრიტანული გამოცემები Le10Sport-ზე დაყრდნობით ირწმუნებიან, რომ იურგენ კლოპი “ბარსელონას” ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს, “ენფილდზე” დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს.
როგორც იცით, ფილმა ლივერპული სულ რაღაც 18 თვის წინ დატოვა და ამის გამო მას “ენფილდზე” თამაშისას დიდი ობსტრუქციაც მოუწყვეს. თუმცა ბოლოდროინდელმა სიტყვებმა, რომ ის არასოდეს ითამაშებს “მანჩესტერ იუნაიტედში”, “სკაუზერების” გული მოიგო.
“ბაიერნი” დემბელეს ტრანსფერზე მუშაობს
მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელები “ბარსელონას” ფრანგი ვარსკვლავის, უსმან დემბელეს, ტრანსფერით არიან დაინტერესებულები. ამ ინფორმაციას France Football გვაწვდის.
ფრანგული გამოცემის ცნობით, “რეკორდმაისტერი” დემბელეში არიენ რობენის შემცვლელს ხედავს. შეგახსენებთ, რომ ბავარიელები უკვე ეცადნენ ლეროი სანესა და კალუმ ოდსონ-ჰოდოის გადაბირებას, თუმცა ამაოდ.
ლუკ დე იონგი ესპანეთში ითამაშებს
“სევილიას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას “პსვ ეინდჰოვენის” ჰოლანდიელი თავდამსხმელის, ლუკ დე იონგის, ტრანსფერის შესახებ.
როგორც ცნობილი ხდება, “დალაქებმა” ზემოთ აღნიშნულ ტრანსფერში 13 მილიონი ევრო გადაიხადეს. დე იონგმა, ერედივიზიონის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა, ესპანურ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
🇳🇱 New ammunition for the #SevillaFC attack! Welcome, Luuk de Jong! 💪 #WeareSevilla pic.twitter.com/nTp2x8tNiy
— Sevilla FC (@SevillaFC_ENG) July 1, 2019
ზაჰა “არსენალზე” ოცნებობს
“კრისტალ პალასის” აფრიკელი თავდამსხმელი, ვილფრედ ზაჰა, ძალიან ახლოს არის კარიერის ლონდონის “არსენალში” გაგრძელებასთან. დიდი ალბათობით, ეს ტრანსფერი რამდენიმე დღეში დადასტურდება.
პრესასთან საუბრისას 26 წლის კოტ-დიუვარელი თავდამსხმელის ძმამ აღიარა, რომ ზაჰა ბავშვობიდან ოცნებობდა “არსენალის” მაისურით თამაშზე.
“ვესტ ჰემი” მზადაა, ჩიჩარიტო გაყიდოს
“ვესტ ჰემის” ხელმძღვანელები მზად არიან, გუნდის მექსიკელი ვარსკვლავი გაყიდონ, ოღონდ ამისთვის მსურველმა მხარემ შესაფერისი თანხა უნდა გაიღოს. ამ ინფორმაციას ESPN ადასტურებს.
როგორც ცნობილი ხდება, თავად ჩიჩარიტოს გეგმებშიც შედის ლონდონის დატოვება, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური წინადადება არ გაკეთებულა.