დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 1 ივნისი
სალაჰი “ლივერპულს” უახლოვდება
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოჰამედ სალაჰიმ “ლივერპულში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. როგორც ირკვევა, “რომამ” ლივერპულელებს პირველ შეთავაზებაზე უარი უთხრა, ახლა კი მერსესაიდელები ახალ შეთავაზებას ამზადებენ, რომელსაც დიდი ალბათობით, რომაელები დაეთანხმებიან.
“რეალი” აზარში 100 მილიონს იხდის
ბრიტანული “სანის” ცნობით, მადრიდის “რეალი” ედენ აზარის შეძენას და მასში 100 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.
როგორც ცნობილია, “სამეფო კლუბს” ბელგიელი ფეხბურთელის შეძენა აქამდეც არაერთხელ უცდია, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.
“მანჩესტერ სიტიმ” “ბენფიკას” მეკარე დაიმატა
“მანჩესტერ სიტიმ” “ბენფიკას” 23 წლის მეკარე, ედერსონი შეიძინა.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მანჩესტერულ კლუბში სამედიცინო შემოწმება გუშინ გაიარა, რის შემდეგადაც პორტუგალიაში დაბრუნდა. ედერსონის ტრანსფერი “ბენფიკამ” ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა ინგლისურ კლუბს განცხადება ჯერ არ გამოუქვეყნებია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ სიტიმ” ბრაზილიელ ფეხბურთელში 40 მილიონი ევრო გადაიხადა.
რუდიგერი “რომადან” “ინტერში”?
იტალიურ პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ანტონიო რუდიგერმა “ინტერის” ხელმძღვანელებთან შეთანხმებას მიაღწია.
როგორც იცით, ზაფხულში “ნერაძურის” ერთ-ერთი მთავარი მიზანი დაცვის ხაზის გაძლიერებაა. ამ მიზნამდე მისაღწევი უმოკლესი გზა კი “რომას” ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს გადახდაა, რაზეც მილანელები ჯერ კიდევ ყოყმანობენ.
“მანჩესტერ იუნაიტედმა” “რეალის” 60-მილიონიანი წინადადება უარყო
“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა მადრიდის “რეალის” 60-მილიონიანი წინადადება უარყვეს.
როგორც იცით, მადრიდის “რეალი” უკვე მესამე წელია, რაც 26 წლის ესპანელი მეკარის გადაბირებას ცდილობს, თუმცა ამაოდ. “მანჩესტერელები” ყველაფერს აკეთებენ მის შესანარჩუნებლად.
მიუხედავად იმისა, რომ მეკარისთვის შეთავაზებულ რეკორდულ წინადადებაზე უარი მიიღეს, The Sun-ის ცნობით, “სამეფო კლუბი” ახალ, გაუმჯობესებულ წინადადებას ამზადებს.
რაც შეეხება თავად მეკარის პოზიციას, ინგლისური პრესის ცნობით, დე ხეა კლუბის დატოვების იდეა უფრო მოსწონს, ვიდრე ჟოზე მოურინიოს გუნდში დარჩენის.