დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (10 აგვისტო)
დე ბური: “იკარდი კლუბს არ დატოვებს”
მილანური “ინტერის” ახალმა თავკაცმა, ფრანკ დე ბურმა ყველასათვის ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ კლუბის არგენტინელი ლიდერი, მაურო იკარდი მომავალ სეზონსაც “სან სიროზე” გაატარებდა.
“ჩვენ შევინარჩუნებთ ყველა იმ ფეხბურთელს, რომლის შენარჩუნებაც გვინდა. მათ შორის იკარდისაც.”
“ვოლფსბურგმა” “იუვენტუსს” ძაძას ტრანსფერის თაობაზე ახალი შეთავაზება გაუგზავნა
Sky Sport Italy-ს ცნობით, “ვოლფსბურგმა” “იუვენტუსს” სიმონე ძაძას ტრანსფერის თაობაზე ახალი შეთავაზება გაუგზავნა – გერმანული კლუბი მზადაა 25 მილიონი ევრო გადაუხადოს “ბებერ ქალბატონს” იტალიელის სანაცვლოდ.
იტალიაში არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ძაძას ტრანსფერში “ვოლფსბურგის” ნახევარმცველი, ლუის გუსტავოც ჩაერთოს.
მატუიდის შეძენა “იუვენტუსს” სურს
Le Parisien-ის ცნობით, ტურინის “იუვენტუსს” “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველის, ბლეზ მატუიდის შეძენა სურს. ფრანგული კლუბი ფეხბურთელში 50 მილიონ ევროს ითხოვს.
ლუკას ვასკესი “ლაციოში”?
რომის “ლაციო” მადრიდის “რეალისათვის” ლუკას ვასკესში 15 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებს. AS-ის ცნობით, რომაელები ვასკესს ანტონიო კანდრევას შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მილანის “ინტერში” გადაბარგდა.
“ნიცა” ჯაბა კანკავათი დაინტერესდა
ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ნიცას” ჯაბა კანკავას შეძენა სურს. ქართველმა ფეხბურთელმა გასული სეზონი “რეიმსში” გაატარა, რომელიც ახლა ლიგა 2-ში ასპარეზობს. L’Equipe-ს ცნობით, არ არის გამორიცხული “ნიცამ” საქართველოს ნაკრების კაპიტანი იჯარით დაიმატოს.