დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 10 ივლისი
“იუვენტუსი” დე ლიხტში 75 მილიონს გადაიხდის.
დიდი ალბათობით, ტურინის “იუვენტუსი” ამსტერდამის “აიაქსს” მატეის დე ლიხტის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს გადაუხდის.
ტურინელები ახალგაზრდა მცველში 67 მილიონს იხდიდნენ, მაგრამ ამსტერდამელები ამ წინადადებას არ თანხმდებოდნენ. როგორც კი კლუბები შეთანხმებას მიაღწევენ, დე ლიხტი “იუვეში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ კონტრაქტს ხელს მოაწერს.
სოლსკიაერმა პოგბასა და ლუკაკუზე კომენტარი გააკეთა
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა პოლ პოგბასა და რომელუ ლუკაკუს შესახებ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, ორივე მათგანის გუნდიდან წასვლის შესახებ პრესაში ხშირად იწერება.
“ზაფხულში ყოველთვის ბევრი სპეკულაციაა. ლუკაკუც და პოგბაც ჩვენთან ერთად არიან. მათაც ისევე ვესაუბრე, როგორც სხვა დანარჩენ ფეხბურთელებს”, – თქვა ნორვეგიელმა მწვრთნელმა.
ლინდელოფს “ბარსელონას” უკავშირებენ
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არის შანსი იმისა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი, ვიქტორ ლინდელოფი მალე “ბარსელონაში” ვიხილოთ.
როგორც იცით, კატალონიელებს მატეის დე ლიხტის შეძენა სურდათ, მაგრამ ჰოლანდიელი მცველი, დიდი ალბათობით, “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდება. სწორედ ამიტომ, “ბარსელონა” ლინდელოფის ტრანსფერზე გადართვას გეგმავს.
ბალოტელი “ვესტ ჰემში”?
Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის “ვესტ ჰემს” მარიო ბალოტელის დამატება შესთავაზეს.
როგორც იცით, იტალიელი თავდამსხმელი ახლა თავისუფალი აგენტია. მას პრემიერ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, თავის დროზე ის “მანჩესტერ სიტისა” და “ლივერპულში” თამაშობდა.
“ბაიერნი” მანჯუკიჩის დაბრუნებაზე ფიქრობს
Sport Bild-ის ცნობით, მიუნხენის “ბაიერნი” ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელის, მარიო მანჯუკიჩის ტრანსფერის საკითხს განიხილავს.
როგორც იცით, ხორვატი ფეხბურთელი “ბაიერნში” 2012-2014 წლებში თამაშობდა.