დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 11 აგვისტო
რაკიტიჩი კოუტინიოს ტრანსფერში?
Don Balon-ის ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონა” მზადაა “ლივერპულს” კოუტინიოს სანაცვლოდ თანხასთან ერთად ივან რაკიტიჩიც შეთავაზოს.
შეგახსენებთ, რომ აქამდე მერსესაიდელებმა კატალონიელთა ყველა შემოთავაზებაზე უარი თქვეს.
“არსენალს” სანჩესის გაშვება არ სურს
Daily Mail-ის ცნობით, “არსენალს” ალექსის სანჩესის გაშვება არ სურს, ამიტომ ლონდონელები მას კვირაში ხელფასის სახით 300 000 ფუნტ სტერლინგს შეთავაზებენ.
შეგახსენებთ, რომ სანჩესის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ სიტი” და “პარი სენ-ჟერმენი” იჩენენ.
“იუვენტუსი” ემრე ჩანის შესაძენად ემზადება
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსი” “ლივერპულს” ემრე ჩანის სანაცვლოდ 23 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეთავაზებს.
მართალია, ლივერპულელები ფეხბურთელში უფრო დიდ თანხას ითხოვენ, თუმცა იტალიელებს იმედი აქვთ, რომ შეთანხმება მაინც შედგება.
ჩავი: ვერატი “ბარსელონასთვის” იდეალური იქნებოდა
“ბარსელონას” ლეგენდამ, ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ მარკო ვერატი კატალონიური კლუბისათვის იდეალური შენაძენი იქნებოდა.
“მარკო ვერატი “ბარსელონასათვის” იდეალური ვარიანტია. რა თქმა უნდა, ივან რაკიტიჩი თავის საქმეს კარგად აკეთებს. ის გუნდს კარგად შეეწყო, თუმცა მიმაჩნია, რომ “ბარსელონაში” თამაში ვერატისაც შეუძლია. ვფიქრობ, მარკოს სტილი ჩემსას ჰგავს”, – უთხრა ჩავიმ Goal.Com-ს.
“ბარსელონა” ასენსიოსთვის იბრძვის
მადრიდის “რეალის” ესპანელი ნახევარმცველი, რომელმაც გასულ სეზონში საუკეთესოდ შეძლო საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა, კატალონიის “ბარსელონას” ინტერესთა სფეროში მოექცა.
Don Balon-ის მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, “ლურჯ-ბროწეულსფრები” მზად არიან ასენსიოს კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა გადაიხადონ, რაც 72 მილიონ ფუნტს შეადგენს.
როგორც იცით, “ბარსელონა” ჯერ კიდევ ეძებს ნეიმარის შემცვლელს, რომელიც “პარი სენ-ჟერმენში” 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.