დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (12 აგვისტო)
მუსა სისოკო: “კვლავ “რეალის” შემოთავაზებას ველოდები”
“ნიუკასლ იუნაიტედის” ფრანგმა ვარსკვლავმა, მუსა სისოკომ თავისი გულის ნადები BBC World Service-ს გააცნო და აღიარა, რომ “რეალში” გადასვლაზე ოცნებობს.
“იმედი მაქვს, რომ “რეალი” ჩემს გადაბირებას გადაწყვეტს. ჯერ კიდევ ველოდები მათგან წინადადებას. ნებისმიერ ფეხბურთელს გააბედნიერებს ის ფაქტი, რომ მისი გადაბირება “რეალს” სურს. მაგრამ, ამ დროისთვის, მე კვლავ “ნიუკასლის” ფეხბურთელი ვარ.”
მანგალა “მილანში”?
ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ სიტის” მცველის, ელიაკიმ მანგალას მიმართ ინტერესს “მილანი” და “ვალენსია” იჩენენ. L’Équipe-ს ცნობით, მილანური კლუბი აქტიურობს, ამიტომ არ არის გამორიცხული, 25 წლის ფეხბურთელი სერია A-ში ვიხილოთ.
ჟოაო მარიო “ინტერს” შეუთანხმდა
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მილანის “ინტერმა” “სპორტინგთან” ჟოა მარიოს ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. “ნერაძური” პორტუგალიელ ნახევარმცველთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ბალოტელი “სასუოლოსაც” სურს
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “სასუოლოს” მარიო ბალოტელის შეძენა სურს. “ლივერპულის” თავდამსხმელის მიმართ ინტერესს “კიევოც” იჩენს.
სესკ ფაბრეგასი “იუვენტუსში”?
Tuttosport-ის ცნობით, არ არის გამორიცხული, სესკ ფაბრეგასი იტალიის სერია A-ში ვიხილოთ. ტურინელები პოგბას გაყიდვით მიღებული თანხით ორი მაღალი დონის ნახევარმცველის შეძენას აპირებენ.