დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (12 ივლისი)
სერხიო აგუეროს ძმა იტალიის სერია A-ში ითამაშებს
სერხიო აგუეროს უმცროსი ძმა, გასტონ დელ კასტილო მომდევნო სეზონში “კროტონეში” ითამაშებს. არგენტინულმა “ინდეპენდიენტემ” 19 წლის თავდამსხმელი იტალიის სერია A-ში ახლად გადმოსულ კლუბში ერთი წლით გაანათხოვრა.
მოურინიოს შვაინშტაიგერის გაშვება სურს
დიდი შანსია, ბასტიან შვაინშტაიგერმა “მანჩესტერ იუნაიტედი” დატოვოს. Daily Record-ის ცნობით, გერმანელ ფეხბურთელს ჟოზე მოურინიოს გუნდში ძალიან ცოტა სათამაშო დრო მიეცემა, ამიტომ მისი გუნდიდან წასვლის შანსი ძალიან რეალურია.
ფელიპე ანდერსონი “ჩელსიში”?
ლონდონის “ჩელსის” “ლაციოს” ფეხბურთელის, ფელიპე ანდერსონის შეძენა სურს. ESPN-ის ცნობით, ლონდონელები 23 წლის ფეხბურთელის გადაბირებას დიდი თანხის სანაცვლოდ შეეცდებიან.
ვიტსელი “ნაპოლის” უახლოვდება
ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და ”ზენიტის” ფეხბურთელი აქსელ ვიტსელი, დიდი ალბათობით, კარიერას ”ნაპოლიში” გააგრძელებს. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, რუსული კლუბი 27 წლის ნახევარმცველს ”ნაპოლიში” გადასვლაში ხელს არ შეუშლის. ცნობილია, რომ ნეაპოლელებმა ”ზენიტს” ფეხბურთელის სანაცვლოდ 22 მილიონი ევრო შესთავაზეს.
იგუაინი “არსენალსა” და “იუვენტუსს” სურთ
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გონსალო იგუაინის შეძენა “არსენალსა” და “იუვენტუსს” სურთ. როგორც ირკვევა, ლონდონელები ნეაპოლელებს თავდამსხმელში 65 მილიონ ევროს შესთავაზებენ.
ზიელინსკი “მილანში”?
დიდი შანსია, პოლონელი ნახევარმცველი, პიოტრ ზიელინსკი “მილანში” ვიხილოთ. იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, “როსონერიმ” “უდინეზეს” ფეხბურთელში 19 მილიონი ევრო შესთავაზა.