დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 12 ივნისი
ანდრე სილვა “მილანში” სამედიცინო შემოწმებას გადის
“პორტუს” თავდამსხმელი, ანდრე სილვა მილანში ჩავიდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გადის. გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელი “როსონერისთან” ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და გუნდში 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
სავარაუდოდ, “შავ-წითლები” სილვაში 38 მილიონ ევროს გადაიხდიან.
“ბარსელონა” ვერატიში 80 მილიონს გადაიხდის
L’Equipe-ს ცნობით, მარკო ვერატიმ “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ ის კლუბში დარჩენას აღარ აპირებს. იტალიელი ნახევარმცველის შეძენის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი კატალონიის “ბარსელონაა”, რომელიც ფეხბურთელში 80 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.
ხამეს როდრიგესისთვის “ჩელსიც” იბრძვის
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხამეს როდრიგესის შესაძენად “მანჩესტერ იუნაიტედთან” და მილანის “ინტერთან” ერთად ლონდონის “ჩელსიც” იბრძვის.
“ლივერპული” მბაპეს აგენტს ესაუბრება
Daily Mail-ის ცნობით, “ლივერპულის” წარმომადგენლები “მონაკოს” თავდამსხმელის, კილიან მბაპეს აგენტს ესაუბრებიან. მერსესაიდელები მზად არიან, ფეხბურთელში 100 მილიონი გადაიხადონ.
“ტოტენჰემი” “პორტუს” მცველში 25 მილიონ ევროს იხდის
პორტუგალიური “პორტუს” მარჯვენა მცველმა, რიკარდუ პერეირამ შესაძლოა, კარიერა ინგლისურ პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.
რიკარდუ პერეირას გამოსასყიდი თანხა 25 მილიონ ევროს შეადგენს, “ტოტენჰემი” მზადაა მის სანაცვლოდ ეს თანხა გაიღოს.