დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 13 აგვისტო

თარიღი: აგვისტო 14, 2019

ტუჰელს ნეიმარის სანაცვლოდ დემბელე სურს

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება და შესაბამისად, ნეიმარის ტრანსფერზე მოლაპარაკებებიც გადამწყვეტ მომენტში შედის. ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის გადაბირების სურვილს მადრიდის “რეალი” და “ბარსელონა” გამოთქვამენ.

რამდენადაც არცერთი კლუბი არაა მზად 200 მილიონი გადაიხადოს ნეიმარის ტრანსფერში, ტომას ტუჰელი “პსჟ”-ს ლიდერის სანაცვლოდ უსმან დემბელეს ითხოვს, რომელიც “ბარსელონას” რიგებში ადგილის დამკვიდრებას ვერ ახერხებს. კლუბის პრეზიდენტს კი, თავის მხრივ, საქმეში ფილიპე კოუტინიოს ჩართვაც სურს.

“მილანი” დონარუმას ტრანსფერში “პსჟ”-ს 50 მილიონს სთხოვს

ჯანლუიჯი დონარუმას “მილანური” მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რამდენადაც იტალიელი მეკარის ტრანსფერით “პარი სენ-ჟერმენია” დაინტერესებული.

20 წლის მეკარის სანაცვლოდ “პარი სენ-ჟერმენმა” “როსონერის” 20 მილიონი და ალფონსე არეოლა შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. როგორც ცნობილი ხდება, “მილანი” პარიზული გუნდისგან 50 მილიონ ევროს ითხოვს.

ბეილს “რეალის” ოპერაციაში მონაწილეობის მიღება არ სურს

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელი, ფლორენტინო პერესი, ნეიმარის ტრანსფერზე ფიქრს არ ეშვება. როგორც ესპანური ჟურნალ-გაზეთები გვამცნობენ, პერესს “პარი სენ-ჟერმენისთვის” გარეთ ბეილის შეთავაზება სურდა.

თუმცა, უელსელი ფეხბურთელი და მისი აგენტი ამ ტრანსფერში მონაწილეობის კატეგორიული წინააღმდეგები არიან. აღსანიშნავია, რომ ბეილის ტრანსფერით ამ ეტაპზე არცერთი გრანდი არაა დაინტერესებული.

სტარიჯმა არჩევანი 13 შეთავაზებას შორის უნდა გააკეთოს

The Telegraph-ის მიერ მოპოვებული უახლესი ცნობების თანახმად, დანიელ სტარიჯის ტრანსფერით 13 კლუბია დაინტერესებული – ისევე როგორც ინგლისური, ასევე საზღვარგარეთული კლუბები.

ბრიტანული პრესის ცნობით, ინგლისელ თავდამსხმელს სურს, რომ საკუთარი ძალები ინგლისის საზღვრებს გარეთ მოსინჯოს. მას შემოთავაზებები აქვს ესპანეთიდან, ამერიკიდან, იტალიიდან და თურქეთიდან.

“ნაპოლის” ხელმძღვანელობამ თვალი ლორენტეს დაადგა

“ნაპოლის” პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის, ინტერესთა სფეროში ამჯერად “ტოტენჰემის” ყოფილი თავდამსხმელი, ფერნანდო ლორენტე, მოექცა. ეს უკანასკნელი ამ დროისთვის თავისუფალი აგენტის სტატუსს ატარებს.

Sky Sports-ის ცნობით, ესპანელი თავდამსხმელი მზად არის საკუთარი ძალები იტალიაშიც გამოსცადოს. ამავდროულად “ნაპოლი” “პსვ”-ს გარემარბ ჰირვინგ ლოსანოს ტრანსფერზე მუშაობს.

მსგავსი სიახლეები