დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 14 აგვისტო
“ჩელსი” ვან დეიკისთვის წინადადებას ამზადებს
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსი” ვან დეიკის შესაძენად 50-მილიონიან წინადადებას ამზადებს. “არისტოკრატები” დარწმუნებულები არიან, რომ “საუთეჰმპტონი” შეთავაზებას დათანხმდება.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დღიდან, ვან დეიკს იურგენ კლოპის “ლივერპულში” გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მხარეები ფასზე ვერ მორიგდნენ.
“ბარსელონა” აზარისთვის 120 მილიონს ამზადებს
Diario Gol-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა ყურადღება ლონდონის “ჩელსის” ბელგიელ ვარსკვლავზე, ედენ აზარზე გადაიტანეს.
როგორც იცით, აზარის გარშემო არსებულ სიტუაციას კარგა ხანია, რაც მადრიდის “რეალიც” აკვირდება. მაგრამ, ესპანური პრესის ცნობით, ამ დროისთვის “ბარსელონა” უფრო დაწინაურებულ პოზიციაში იმყოფება.
ყველაფერთან ერთად, ანტონიო კონტეს ძალიან სურს “ბარსელონას” კუთვნილებაში მყოფი სერხი რობერტოს გადაბირებაც, რომელიც შესაძლოა, აზარის ტრანსფერის შემადგენელი ნაწილიც გახდეს.
“ბარსას” დიბალა აღარ აინტერესებს
კატალონიის “ბარსელონამ” ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი შემტევის, პაულო დიბალასთვის ბრძოლაზე ხელი აიღო.
Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონაში” თვლიან, რომ პაულო ლეო მესის ვერ შეეწყობა, რაც ტრანსფერის ჩაშლის მთავარ მიზეზს წარმოადგენს.
უელბეკი “ევერტონში”?
ოლივიე ჟირუს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, მერსესაიდის “ევერტონის” ხელმძღვანელებმა ყურადღება დენი უელბეკზე გადაიტანეს, რომელიც ამ დროისთვის “არსენალის” ღირსებას იცავს.
“ჩელსის” პერიშიჩის დამატებას გეგმავს
Daily Mirror-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები “მანჩესტერ იუნაიტედს” ივან პერიშიჩის ტრანსფერისთვის შეებრძოლებიან.
როგორც იცით, მილანის “ინტერი” ყველაფერს აკეთებს ხორვატი შემტევის შესანარჩუნებლად, თუმცა თუ ლონდონელები 60 მილიონ ევროზე მეტის გადახდაზე თანხმობას განაცხადებენ, ყველაფერი უფრო გამარტივდება.