დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 14 იანვარი
კოუტინიო “ბარსელონას” არ დატოვებს
ბრიტანული მედიის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედს” ფილიპე კოუტინიოს შეძენა სურს. ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავად ფეხბურთელს “ბარსელონას” დატოვება არ სურს.
“ჩელსი” პარედესში 27 მილიონს იხდის
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსიმ” სანქტ-პეტერბურგის “ზენიტს” ლეანდრო პარედესის სანაცვლოდ 27 მილიონი ფუნტი შეთავაზა.
ლონდონური კლუბის ხელმძღვანელები პარედესს სესკ ფაბრეგასის შემცვლელად მოიაზრებენ. როგორც ირკვევა, “ჩელსი” არგენტინელ ფეხბურთელს 4-წლიან კონტრაქტს და კვირაში 80 000 ფუნტს შეთავაზებს.
ალბას “ბარსელონაში” დარჩენის იმედი აქვს
“ბარსელონას” მარცხენა მცველს, ჟორდი ალბას იმედი აქვს, რომ ის გუნდში დარჩება.
როგორც იცით, ფეხბურთელს კლუბთან კონტაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება. მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა მათ შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწიეს.
“მინდა, გუნდში დავრჩე. “ბარსელონა” მიყვარს, ამ კლუბს ყოველთვის ვგულშემატკივრობდი”, – ციტირებს ალბას სიტყვებს Goal.Com.
“რეალი” პიონტეკში 60 მილიონს გადაიხდის
Don Balon-ის ცნობით, მადრიდის “რეალი” პიონტეკის შესაძენად მზადაა. გავრცელებული ინფორმაციით, “ჯენოა” თავდამსხმელში 60 მილიონ ევროს ითხოვს, “სამეფო კლუბი” კი ამ თანხის გადახდას აპირებს.
“რეალს” მიმდინარე სეზონში შეტევაში პრობლემები აქვს, ფლორენტინო პერესს კი გუნდის გაძლიერება სურს.
ტუჰელი: “ხელმძღვანელებმა მითხრეს, რომ ზამთარში ერთი ფეხბურთელით გავძლიერდებით”
“პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუჰელი, იმედოვნებს, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას მისი გუნდი მინიმუმ ერთი ფეხბურთელით მაინც გაძლიერდება და აღიარებს, რომ კლუბის უფროსები კონკრეტულ ფეხბურთელთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს.
“სპორტულმა დირექტორმა ანტერომ და პრეზიდენტმა მითხრეს, რომ ზამთარში ერთი ფეხბურთელით გავძლიერდებით და მე მათ სრულ ნდობას ვუცხადებ. თუმცა, ამავდროულად მეშინია, რომ გუნდში ახალწვეულს ვერ დავიმატებთ. ვიცი, რამდენად რთულია ზამთარში ტრანსფერის განხორციელება.
რაც შეეხება უშუალოდ გუნდის შედეგებს, მოტივაციის პოვნა ისეთი დიდი კლუბისთვის, როგორიც “პარი სენ-ჟერმენია” ადვილი არასოდესაა. თუმცაღა, მთელი სეზონის მანძილზე ჩვენ წარმატებით ვართმევდით თავს ამ დავალებას. “გენგამი” კი, შეგვიძლია, გამონაკლისად ჩავთვალოთ,” – აცხადებს “ბორუსიელთა” ყოფილი თავკაცი.