დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 14 ივლისი
ზლატანი “ლოს ანჯელეს გალაქსიში”?
Mirror-ის ცნობით, შესაძლებელია, ზლატან იბრაჰიმოვიჩი MLS-ში მოასპარეზე “ლოს ანჯელეს გალაქსიში” ვიხილოთ. თუ ტრანსფერი შედგა, შვედი თავდამსხმელი ახალ კლუბში, ხელფასის სახით, წელიწადში 7.7 მილიონ დოლარს მიიღებს.
ბონუჩის “მილანში” ტრანსფერი დღეს გაოფიციალურდება
ძალიან დიდი ალბათობით, დღეს ლეონარდო ბონუჩის “მილანში” ტრანსფერი ოფიციალურ სახეს მიიღებს. იტალიური პრესის ცნობით, შეთანხმების მიღწევამდე მხოლოდ რამდენიმე დეტალია მოსაგვარებელი.
“როსონერი” “იუვენტუსს” მცველში 40 მილიონ ევროს გადაუხდის. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფეხბურთელის მეუღლე მილანში სახლს ეძებს.
ტონი კროოსი “იუვენტუსში”?
ტურინის “იუვენტუსი” ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, “ბიანკონერი” მადრიდის “რეალის” ფეხბურთელის, ტონი კროოსის შეძენას შეეცდება.
სავარაუდოდ, ტურინული კლუბის წარმომადგენლები მადრიდელებს უახლოეს დღეებში შეხვდებიან.
“ჩელსი” და “ლივერპული” ობამეიანგისათვის იბრძვიან
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსი” და “ლივერპული” დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის შესაძენად იბრძოლებენ.
ორივე კლუბის ხელმძღვანელები გაბონელი ფეხბურთელის აგენტს უკვე შეხვდა. სავარაუდოდ, ობამეიანგის ფასი 65 მილიონი ფუნტ სტერლინგი იქნება.
“რომა” მარეზის ტრანსფერზე მუშაობს
გუნდიდან მუჰამედ სალაჰის გაშვების შემდეგ, “რომას” ხელმძღვანელებმა “ლესტერ სიტის” ალჟირელი ნახევარმცველის, რიად მარეზის ტრანსფერზე დაიწყეს მუშაობა.
როგორც იცით, “მელიების” ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელმაც საჩემპიონო სეზონში 17 გოლის გატანა მოახერხა, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელებს ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა – უარზე არც “ლესტერია”.
აქამდე რიად მარეზის გადაბირების სურვილს “არსენალიც” აქტიურად გამოთქვამდა, მაგრამ ამ დროისთვის მისი ყიდვის რეალური კანდიდატი მხოლოდ “რომაა”.
დიდი ალბათობით, ტრანსფერი ფასის შეთანხმებიდან რამდენიმე დღეში გაოფიციალურდება.