დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 15 აგვისტო
“ბორუსიამ” დემბელეს გაყიდვაზე თანხმობა განაცხადა
დორტმუნდის “ბორუსიას” ხელმძღვანელები თანახმანი არიან გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, უსმან დემბელე “ბარსელონას” მიყიდონ, თუ კატალონიელები მის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს გადაიხდიან.
Sport-ის ცნობით, მხარეებმა ტრანსფერის თითქმის ყველა დეტალი შეათანხმეს ბონუსების გარდა, რომელიც დემბელეს ახალ კონტრაქტში უნდა იქნეს გაწერილი.
მარეზი “ბარსელონას” შესთავაზეს
TransferMarketWeb-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “ლესტერ სიტის” ხელმძღვანელებმა გუნდის ალჟირელი ლიდერი, რიად მარეზი კატალონიურ “ბარსელონას” შესთავაზეს.
როგორც ჩანს, “ბარსელონელები” დარწმუნებულები არიან უსმან დემბელესა და კოუტინიოს ტრანსფერებში და მარეზის ვარიანტი მაშინვე გამორიცხეს – “ლესტერელებმა” უარი მიიღეს.
“სიტი” ოფიციალურ წინადადებას ამზადებს
“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელები ლონდონის “არსენალს” უახლოეს დღეებში ოფიციალური წინადადებით მიმართავენ. ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა, The Telegraph ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, პეპ გვარდიოლა მზადაა გუნდის ბოლომდე ჩამოსაყალიბებლად 60 მილიონი ფუნტი გადაიხადოს “მეთოფეთა” ჩილელი შემტევის სანაცვლოდ.
“სტოკი” იანსენისთვის იბრძოლებს
“სტოკ სიტის” აგენტები ლონდონის “ტოტენჰემის” უფროსებს ვინსენტ იანსენის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე დაუკავშირდნენ.
Daily Star-ის ცნობით, ჰოლანდიელი ვარსკვლავის გადაბირებასთან, რომელიც “ტოტენჰემამდე” “ალკმაარის” ღირსებას იცავდა, ყველაზე ახლოს სწორედ “სტოკელები” იმყოფებიან.
“ჩელსის” კოშტას დაბრუნება უნდა
ლონდონის “ჩელსის” ანტონიო კონტესგან განაწყენებული დიეგო კოშტას შემორიგება უნდა. “არისტოკრატებმა” კოშტა ოფიციალურად მიიწვიეს ვარჯიშებზე, რომელსაც ის სეზონის დასრულების შემდეგ არ ესწრება.
როგორც იცით, ესპანელი თავდამსხმელი “ატლეტიკოში” გადასასვლელად ემზადება, მაგრამ ლონდონელები ყველაფრის გაკეთებას აპირებენ, რათა ის ზამთრამდე მაინც შეინარჩუნონ.