დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 15 დეკემბერი
მხითარიანი წავა, იოზილი მოვა
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს გუნდიდან ჰენრიხ მხითარიანის გაშვება სურს. Daily Mirror-ის ცნობით, პორტუგალიელი სპეციალისტი სომეხი ნახევარმცველის შემცვლელად მესუთ იოზილს მოიაზრებს.
მხითარიანს მიმდინარე სეზონში საქმეები კარგად არ მისდის და სასტარტო შემადგენლობაში იშვიათად სხვდება, ამიტომ მისი გუნდიდან წასვლა მართლაც რეალურია.
ბეილი “მანჩესტერ იუნაიტედს” უახლოვდება
Diario Gol-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედმა” გარეტ ბეილთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია. უელსელი ფეხბურთელი მზადაა ზაფხულში “რეალი” დატოვოს და “ოლდ ტრაფორდზე გადაბარგდეს.
უოლკოტი “ვალენსიაში”?
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “ვალენსიას” ტეო უოლკოტის შეძენა სურს. 28 წლის ფეხბურთელს სხვადასხვა მიზეზების გამო, ბოლო წლებია “არსენალში” თამაში იშვიათად უწევს. ინგლისელ შემტევს კლუბის გამოცვლა სურს.
“დორტმუნდს” ობამეიანგის გაყიდვა არ სურს
დორტმუნდის “ბორუსია” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს პიერ-ემერიკ ობამეიანგის გაყიდვას არ აპირებს. Sport Bild-ის ცნობით, გაბონელ თავდამსხმელს კლუბის გამოცვლა ზაფხულში სურდა, თუმცა დორტმუნდელებმა სასურველი წინადადება ვერ მიიღეს.
მარადონა: “ფლორენტინო პერესს მბაპეს ყიდვა ვურჩიე”
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო არმანდო მარადონამ განაცხადა, რომ მადრიდის “რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს “მონაკოდან” კილიან მბაპეს გადაბირება ურჩია.
“რატომ არ იყიდა პერესმა მბაპე? მე მას ვურჩიე, რომ ეყიდა. პერესს ამის შესახებ ფიფას შტაბბინაში შეხვედრისას ვესაუბრე”, – მარადონას კომეტარს “ასი” აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე ზაფხულში “პარი სენ-ჟერმენმა” ინათხოვრა. 18 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 21 მატჩი ჩაატარა, ათი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა.