დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 15 ივლისი
პერინი “ბენფიკაში” მიდის
ტურინის “იუვენტუსის” მეკარე, მატია პერინი უახლოეს დღეებში ლისაბონის “ბენფიკას” ფეხბურთელი გახდება. იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიური კლუბი ტურინელებს 15 მილიონ ევროს გადაუხდიან.
“რომა” იგუაინს კაპიტნობას სთავაზობს
Corriere dello Sport-ის ცნობით, “რომა” “იუვენტუსის” თავდამსხმელს, გონსალო იგუაინს კაპიტნის სამკლავურს ჰპირდება.
როგორც იცით, რომაელებს არგენტინელი ფეხბურთელის შეძენა სურთ, მაგრამ თავად იგუაინი “იუვენტუსის” გარდა სხვა რომელიმე იტალიურ კლუბში თამაშზე უარზეა.
კოუტინიო “ლივერპულში” დაბრუნებაზე თანახმაა
ფილიპე კოუტინიოს მზადაა “ლივერპულში” დაბრუნდეს. ბრაზილიელი ფეხბურთელი ტრანსფერთან დაკავშირებით მერსესაიდელთა წარმომადგენლებს უკვე ესაუბრა.
როგორც იცით, 27 წლის ნახევარმცველი “ბარსელონაში” 2018 წელს “ლივერპულიდან” გადავიდა.
გიორგი აბურჯანია “ტვენტეში” ითამაშებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი აბურჯანია კარიერას ჰოლანდიის ერედივიზიონის კლუბში, “ტვენტეში” გააგრძელებს.
გამოცემა Tubantia-ს ცნობით, “ტვენტემ” “სევილიასთან” შეთანხმებას მიაღწია და ქართველი ფეხბურთელი ჰოლანდიურ გუნდში 2-წლიანი იჯარით გადავა.
“ტვენტეს” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, გონსალო გარსია გარსია მოთამაშის კარიერის დროს, კვიპროსულ “ანორთოსისში” აბურჯანიას თანაგუნდელი იყო. ასევე, “ანორთოსისში” მუშაობდა “ტვენტეს” ტექნიკური დირექტორი ტედ ვან ლეუვენი. სწორედ ამ ორი ადამიანის დიდი წვლილია იმაში, რომ ტრანსფერი შედგება.
“ატლეტიკო” ხამესისთვის ბრძოლას იწყებს
მადრიდის “ატლეტიკოს” თანაქალაქელი “რეალის” ნახევარმცველის, ხამეს როდრიგესის შეძნა სურს. ESPN-ის ცნობით, “ატლეტიკოს” წარმომადგენლები ფეხბურთელს უკვე დაუკავშირდნენ.
როგორც იცით, ხამესი “ნაპოლიში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მხარეები სატრანსფერო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ. მიუხედავად ამისა, მისი ნეაპოლურ კლუბში გადასვლა გამორიცხული მაინც არ არის.